რამდენიმე საათში ომანის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით ავია-რეისი შესრულდება. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დანიშნა. პირველი ფრენები იგეგმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან. განრიგი უკვე შეთანხმებულია. საქართველოს მოქალაქეებმა საელჩოების ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ.
"კურიერი" დოჰაში მყოფ ერთ-ერთ ქართველს ესაუბრა.
"25 თებერვალს ჩამოვფრინდით დოჰაში. ყველაფერი ჩვეულებრივად, სტანდარტულად მიდიოდა. უკვე გაფრენის დღეს, როცა ვემზადებოდით, დაახლოებით იყო შუადღის 2 საათი, როცა მობილურ ტელეფონებზე განგაშის ზარი ჩაირთო. დოჰაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, დაცულები ვართ, თუმცა ხმები გვესმის უფრო გვიან, ღამის საათებში და გამთენიისას. ყველანაირად უზრუნველყოფილები ვართ. შევხვდით, ასევე, ჩვენს ელჩს, გუშინ იყო ჩვენს სასტუმროში მოსული და აქ ვინც ვიმყოფებით, 149 ქართველი ვართ, თუ არ ვცდები, ყველასთან მოხდა სათითაოდ კომუნიკაცია, ყველას ინტერესი გაითვალისწინა, მოვისმინეთ მათი აზრიც. ხვალ იგეგმება ჩვენი გადაყვანა საუდის არაბეთში, ანუ სადაც რიადიდან მოხდება ხვალ საღამოს 07:00 საათზე ჩვენი გადმოფრენა," - აღნიშნა სოფო ბაიდარაშვილმა.
ავტორი: ნანა გოაგტაძე