18 ივნისი 2026,   16:10
ვრცლად
ირანის თავდასხმები აღმოსავლეთის ქვეყნებზე - ვითარების გამო, ქვეყნების უმსხვილესი აეროპორტები მესამე დღეა დახურულია

ამერიკისა და ისრაელის ერთობლივ ოპერაციას ირანმა რეგიონის ქვეყნებზე მასირებული, კომბინირებული იერიშით უპასუხა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ახლო აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის ის 10-ზე მეტი არაბული სახელმწიფო გახდა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ათობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.

კრიტიკული ვითარების გამო, რეგიონის ყველა ქვეყანაში შტატების საელჩოებმა საგანგებო გაფრთხილება გამოსცეს და ამერიკის მოქალაქეებს, დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

მიმდინარე ესკალაციას მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დარტყმების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ირანიდან გასროლილი 167 რაკეტა და 541 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთში მდებარე რას-ტანურას ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. საწარმო რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია - მისი სიმძლავრე დღე-ღამეში დაახლოებით 550 000 ბარელ ნედლ ნავთობს შეადგენს და ის საუდის არაბეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საექსპორტო ტერმინალია.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმსხვილესი აეროპორტები, მესამე დღეა, დახურულია. გაუქმებულია ათასობით რეისი. დუბაიში, აბუ-დაბიში და შარჯაში, ასევე დოჰაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში რეისების გაუქმება შეეხო ასობით ათას ადამიანს.

ავიარეისების გადადების გამო, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის - დედაქალაქის მერიც. კახა კალაძე აბუ-დაბიდან გამოფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებს. საუდის არაბეთისა და ყატარის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობს ცხელი ხაზი. საელჩოებს მუდმივი კონტაქტი აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდებიან.

რეგიონში ირანის ქმედებებს განცხადებით ეხმაურებიან ამერიკის შეერთებული შტატები, ბაჰრეინი, იორდანია, ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთის სამეფო და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ერთობლივ დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფოები მკაცრად გმობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ "განურჩეველ და გაუაზრებელ თავდასხმებს".

მიმდინარე ესკალაციის ფონზე, თეთრი სახლის კრიტიკის სამიზნე გახდა დაუნინგ სტრიტი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "ძალიან იმედგაცრუებულია" გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკული მხარისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზებით ესარგებლა. მედიის ინფორმაციით, ტრამპის კრიტიკის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დათმობებზე წავიდა და შესაბამისი ნებართვები გასცა.

ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ირანმა დახურა და სამ ტანკერებზე იერიში მიიტანა, რის გამოც უკვე მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი. მედია წერს, რომ სრუტეს ნავთობ რესურსების მიწოდების კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე გადის ნავთობის ექსპორტის 20%. Reuters-ის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ნავთობი 10%-ით გაძვირდა, ბარელის ფასი კი 80 დოლარს მიუახლოვდა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები