თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრო.
ახალაიას სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა.
სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში საზოგადოება, პროცესის შესახებ სრულ ინფორმაციას ვერ მიიღებს.
"სხდომის დახურვა არის საშიში გარემოება, იმიტომ, რომ საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება. მხოლოდ მოუწევს დაჯერება მხარეების განმარტების. საზოგადოება ვერ დაინახავს რეალურ სურათს", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რა საჭიროების გამო დადგა პროცესის დახურვის შუამდგომლობის აუცილებლობა.
"მიმოვიხილავთ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. არაერთხელ განიმარტა, სისხლის სამართლის პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, დახურული იქნება პროცესი", - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.