ავიარეისების გადადების გამო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები.
საუდის არაბეთისა და კატარის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობს ცხელი ხაზი. საელჩოებს მუდმივი კონტაქტი აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ჯერ სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მათ ნაწილს "კურიერი" ესაუბრა. თამარ იაძის თქმით, ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმის შესახებ გაფრთხილების სიგნალი ამოქმედდა.
"სანაპიროზე ვიყავი, ოჯახთან ერთად გასული და უცებ მობილურში ჩაირთო სიგნალიზაცია. ეწერა - სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია, დარჩით სასტუმროებში, მოერიდეთ სამხედრო ბაზებთან ახლოს სიარულს. წინა ღამით ვუყურებდით ჩვენს თვალწინ რამდენიმე რაკეტა ერთდროულად რომ მოდიოდა და ჰაერში ანეიტრალებდნენ.
საელჩოში გვეუბნებიან, რომ როგორც კი მოხერხდება თქვენი უსაფრთხოდ გამგზავრება საქართველოში, მაშინვე გაგიშვებთ ქვეყნიდანო", - განაცხადა თამარ იაძემ.
ლიკა ბენდელიანის თქმით კი, მოქალაქეები მუდმივ კონტაქტზე არიან საელჩოსთან.
"ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს საელჩო და ავიაკომპანია თითოეულ ჩვენგანს გვიდგას გვერდში. ყველა სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა და ერთ სასტუმროში მოახერხეს ჩვენი განთავსება. მუდმივად ხაზზე ვართ საელჩოსთან, მუდმივად ვეკონტაქტებით მათ და სწრაფად ახერხებენ განახლებული ინფორმაციის მოწოდებას ჩვენთვის", - აღნიშნა ლიკა ბენდელიანმა.