10 აგვისტო 2026,   23:08
ვრცლად
მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა - უკრაინელი პოლიტიკოსის, ალექსეი გონჩარენკოს ღია მოწოდება თბილისში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს

2022 წლის 26 თებერვალს, მესამე დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინელი პოლიტიკოსის, ალექსეი გონჩარენკოს ღია მოწოდება, თბილისში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს იმის საჩვენებლად, თუ როდიდან დაიწყო ზეწოლა საქართველოს წინააღმდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტი 4 წლის შემდეგ გააზიარა - ათასობით იმ პოზიტიურ გამოხმაურებასთან ერთად, რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსანს განცხადებას მაშინ ოპოზიციის, მედიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა. "სოცმედია დღემდე ინახავს იმ შვიდი ათასი ადამიანის ვინაობას, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა" - დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. გაიხსენა იმ მოთხოვნების ქრონოლოგიაც, რომელიც მისივე თქმით, სწორედ საქართველოს ომში ჩართვისკენ იყო მიმართული.

შესაძლებლობის ფანჯარა - ამ სიტყვებს ხელისუფლების ოპონენტები ომის დაწყებისთანავე აქტიურად იმეორებდნენ, ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და უკრაინის მხარდასაჭერად ითხოვდნენ მეტს - უფრო რადიკალურ ნაბიჯებს სახელმწიფოსგან. ოპოზიციის ნაწილი დღეს თანხმდება, რომ საქართველოს ნებისმიერ ფასად მშვიდობა უნდა შეენარჩუნებინა, ნაწილი კი ვერ იხსენებს, რომ მეორე ფრონტისკენ მოწოდებას მათი პარტიიდან ღიად უჭერდნენ მხარს. ასეთია მაგალითად "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა სააკაშვილის პარტია ერთადერთი არ არის.

გონჩარენკოს შემოთავაზებულ იდეას მაშინ ეთანხმებოდნენ სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც. "ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ოკუპირებულ ქვეყანას, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. იხსენებენ, რომ საჯარო მოწოდებების გარდა იყო კულუარული, ფარული მოთხოვნებიც. ამბობენ, რომ ქვეყანამ შიდა და გარე, ორმხრივ ზეწოლას ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რასაც დღემდე მიჰყვება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მეორე ფრონტის იდეა არსად გამქრალა და საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შესვლის სურვილი კონკრეტული ძალებისთვის ისევ დღის წესრიგში დგას.

დღის ამბები