პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
"სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ხელფასი. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მაგალითებისა და რეგიონული სპეციფიკის მოყვანას - მთავარი აქ არის პოლიტიკური ნება და ჩვენ ეს პარლამენტში განხილვის დროსაც ვთქვით ძალიან მკაფიოდ. ჩვენ გვაინტერესებდა გაგვეგო - "ოცნებას" აქვს თუ არა პოლიტიკური ნება იმისა, რომ რეალურად დაიწყოს ზრუნვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და ღირსეული, სამართლიანი ანაზღაურების დაწესებაზე ამ ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს იყოს ეტაპობრივი გადასვლა, შესაძლებელია იყოს გარკვეული ტიპის რანგირება ბიზნესის ზომიდან გამომდინარე - ეს შეიძლება შეეხოს სტარტაპებს, მცირე ბიზნესებს, იგივე რეგიონის სპეციფიკას.... ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი პირველი მოსმენით და პირველი მოსმენა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო - პოლიტიკური ნების არარსებობა.
ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში თურმე 1050-ლარიანი ხელფასი არ მიიჩნევა ღირსეულ ანაზღაურებად ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება, გარდამავალი პერიოდების დაწესება და ა.შ. მაგრამ არ მივდივართ სწორი მიმართულებით და ამის ახსნას ვცდილობ," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.