08 აგვისტო 2026,   10:28
ვრცლად
ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

"ქალთა სწორუფლებიანობა დაასწავლის მამაკაცებს შეხედონ  ქალებს, როგორც  თანასწორ არსებათ და არა როგორც  მონას, რომლის ყიდვა, გაუპატივრება,  დამცირება და გადაგდება შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, თუ როგორი ფიზიკურ და სულიერ სიმახინჯემდე მიიყვანა კაცობრიობა დედაკაცის ზნეობამ. დავინახოთ ისეც, თუ როგორი  სიწმინდემდე და კეთილშობილებამდე მივაღწევთ  ჩვენ მისი ემანსიპაციით" ("ხმა ქართველი ქალისა" 1917, გვ.4 ).

Open photo

ქალთა საკითხების პრობლემატიზაცია საქართველოში XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, როცა საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე ოჯახური მყუდროებიდან გამოსული ქალები თავიანთი უფლებების დასაცავად ერთიანდებიან და გენდერული თანასწორობის დასაბუთებული მოთხოვნით ბრძოლას იწყებენ. ისინი აარსებენ საზოგადოებებს, ქმნიან კლუბებს, გამოსცემენ ჟურნალ-გაზეთებს, წერენ წიგნებს და ამ ფორმით ცდილობენ, მათ მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეცვალონ. ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოში მკვიდრდება აზროვნების ახლებური ტიპი, ჩნდება განსხვავებული მოთხოვნილებები. დასავლეთიდან შემოდის განმანათლებლობისა და რაციონალიზმის პერიოდის იდეები, რომელთაგანაც თანასწორობის იდეა ერთ-ერთი პირველია.

"ტფილისის ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება"; "წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება"; "მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა ურთიერთდახმარების ტფილისის საზოგადოება"; "სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება"; "თელავის ქალთა ერთობა"; "ხონის ქალთა წრე", - ეს იმ ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველმა ქალებმა შექმნეს, მათ შორის იყო ქუთაისის ქალთა არაფორმალური გაერთიანება - ქალთა კლუბი. სწორედ მათი აქტიურობითა და თაოსნობით დაარსდა გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა", რომელიც ქალთა საკითხებს ფართოდ აშუქებდა.

"ხმა ქართველი ქალისა" არის პირველი ქართული  გაზეთი, რომელიც მთლიანად ქალთა თემებზეა ორიენტირებული. იგი, ქუთაისში, 1917-1918 წლებში გამოდიოდა  და ერთგვარი ტრიბუნა იყო მაშინდელი ქართველი ქალებისთვის, რომლებიც თავიანთი უფლებრივი მდგომარეობისა და ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებისთვის იბრძოდნენ. 

Open photo

(კატო მიქელაძე "ხმა ქართველი ქალისას" რედაქტორი)

ქალები, საქართველოს ყველა კუთხიდან, აქ წერდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ და საზოგადოებასაც ამ გამოცემის მეშვეობით მოუწოდებდნენ, რომ ქალთან დაკავშირებული დამახინჯებული შეხედულებები შეცვლილიყო.

საქართველოში ქალთა მოძრაობის დასაწყისის ერთგვარ მანიფესტად მიიჩნევა მწერლისა და ქალთა უფლებების აქტიური დამცველის, ბარბარე ჯორჯაძის წერილი "ორიოდე სიტყვა ყმაწვილკაცების საყურადღებოდ", რომელშიც იგი ქალების მძიმე ხვედრზე საუბრობს. ავტორი წერს, რომ ქალებს, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი განათლება და ჰქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება.

"პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ "შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო; სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო". თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: "მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველ გვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო" (ჯორჯაძე 1893, 1-2 ).

Open photo

სტატიის ავტორი ჩივის იმაზეც, რომ მამაკაცებმა ქალებს ყურები ათასგვარი სისულელით გამოუჭედეს და მათი ფუქნცია მნიშვნელოვნად დააკნინეს: 

"თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არცარა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თვალის ჩინობა არ
შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი, და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალს ეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა მოსათინთლავის სიტყვებით: “მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო" (ჯორჯაძე 18 93, 1-2).

ბარბარე ჯორჯაძე ამ ვითარებიდან გამოსავალს ქალების განათლებაში  ხედავს.

ქალთა ემანსიპაციის მეტად მნიშვნელოვან პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის კეკე (ეკატერინე) მელიქიშვილ-მესხისას. პეტრე მელიქიშვილის და და სერგეი მესხის მეუღლე ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი დეკანი იყო.  იგი გაზეთ "დროებაში"  ხშირად აქვეყნებდა ქალთა პრობლემებზე  წერილებს. კეკე მელიქიშვილი  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიტერატორ ქალთა წრის წევრიც იყო.

პოეტი და ბელეტრისტი, საფო მგელაძე ახალი ქალის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობდა და კაცებს გენდერული ბალანსის დავცისკენ მოუწოდებდა: 

Open photo

"ყველაფერს ხედავთ, მაგრამ ერთი ვერ დაინახეთ, ჩვენ თქვენს წიგნებში ვერ ვიპივეთ ახალი ქალი, ქალი, რომელიც ქარხანაში დგას და მუშაობს, ქალი, რომელიც მთელი ღამე უზის მანქანას, ქალი, რომელიც გაქანებულ მანქანას მართავს, და შეუძლია ყოველგვარი ტვირთის ატანა. ქალი გუშაგი, ქალი მუშა, ქალი ვატმანი, ქალი ექიმი, ინჟინერი და კომისარი, აი ეს არს ქალთა  მთელი სერია, მაგრამ ამაზე ჯერ თქვენ რამე დაგიწერიათ?!" ( ჩიხლაძე 1990,  75).

ქალთა ემანსიპაციის საკითხებზე საუბრობენ არა მარტო გამოჩენილი ქართველი ქალები, არამედ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანებიც. ამას ადასტურებს გაზეთ "დროების" ფურცლებზე დაბეჭდილი "რამდენიმე შენიშვნა ერთის დროოთ გათხოვილის ქალისა"... ავტორი წერს, რომ თავის დაქორწინება არც კი ახსოვს, რადგან მშობლებმა, მის უკითხავად გადაწყვიტეს, 12 წლის გაეთხოვებინათ... ქალი წუხს, "დედ-მამას თავის შვილზე ისეთი უფლება აქვთ, როგორც რაიმე ნივთზეო".

"ჩემი გათხოვება ძლივს მახსოვს, მაშინ 12 წლისა არ ვიყავი. რაღა თქმა უნდა, ვინ მკითხავდა: "მოგწონს შენი ქმარი თუ არაო?" კიდევაც რომ ეკითხათ ჩემი აზრი, ან კი რა უნდა მეთქო თორმეტი წლის ბავშვსა. იმისთანა კაცზედა, რომელიც ერთხელ მეტად არ მენახა და ისიც მაშინ ვნახე, როცა ჯვრის დაწერაზედ მოიყვანეს.

გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა"

Open photo

გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" ქუთაისში, 1917-1918 წლებში გამოდიოდა. სოციალურ-პოლიტიკური მიმართულების გამოცემის რედაქტორი კი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების აქტიური  დამცველი კატო მიქელაძე გახლდათ. ოჯახური ძალადობა, პროსტიტუცია, ქალების პოლიტიკური აქტივობა, უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, საკუთრებისა და განათლების უფლებები- გაზეთი, რომელიც ერთი საუკუნის წინ გამოდიოდა, ყველა იმ თემას აშუქებდა, რომელიც დღესაც აქტუალურია.

ყოევლკვირეული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი 4 გვერდიანი იყო და  იგი 10 კაპიკი ღირდა.

გაზეთი არ იყო ერთ ქალაქში ჩაკეტილი გამოცემა.  რედაქციას წერილები მოსდიოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: ქუთაისიდან, ჭიათურიდან, ბათუმიდან, ხაშურიდან, ზესტაფონიდან, სურამიდან...

გაზეთი ქალთა საკითხების გარდა, აქტიურად ეხმაურებოდა მაშინდელ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, როგორიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენა, ქალაქის საკრებულოს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები და ა.შ.

ქალები პუბლიკაციებს ხშირად ფესვდონიმებით აქვეყნებდნენ

შემომწირველები კი, ქალებთან ერთად კაცებიც იყვნენ. გაზეთის ყოველი ნომრის ბოლოს ჩამოწერილი იყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ფინანსურად ეხმარებოდნენ მას. ფული გროვდება აგარაკებზეც, იქ დადგული ყულაბების მეშვეობით.

გაზეთი ორი წლის განმავლბაში გამოდიოდა. მან არსებობა 1918 წელს, სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.  

Open photo

გაზეთ "ხმა ქართველი ქალისას" მთავარი რედაქტორი ქალთა უფლებების დამცველი და ჟურნალისტი კატო მიქელაძე იყო.

გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა"  ხშირად ქვეყნდება პუბლიკაციები ქართველი ქალების პოლიტიკური აქტივობისა და მათთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობენ. სტატიების ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ქალები დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევ აღმასრულებელ კომიტეტში.

გაზეთის პირველივე ნომერში იბეჭდება სარედაქციო წერილი, სადაც რედაქტორი წერს, რომ ქალისა და კაცის თანასწორობა აუცილებელია არა მარტო მოქალაქეობრივ დონეზე, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ამავე პუბლიკაციაში რედაქტორი კატო მიქელაძე ქართველი ქალების დაკნინებულ და დამცირებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას  და აღნიშნავს, რომ "უპიროვნო კეკელკად" ქალი სწორედ მამაკაცმა გადააქცია.

განათლების საკითხების გარდა, ქალები ბევრს წერენ ქალთა ჯანმრთელობის თემატიკაზე. გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" სტატიები იბეჭდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კონტრაცეფცია, უსაფრთხო სექსუალური კაშირების აცილებლობა, პროსტიტუციის მიზეზები და შედეგები, სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა სახის დაავადებები.

"ხმა ქართველი ქალისა" არის ერთ-ერთი პირველი გაზეთი, სადაც ზემოთ ნახსენებ თემებზე დაიწყეს პუბლიკაციების გამოქვეყნება. ამ თემებზე ქართველი ქალების მიერ დაწერილი ორიგინალური სტატიები გაზეთში არ გვხვდება, ძირითადად არის ნათარგმნი სტატიები. როგორც ჩანს, ქალებს მაინც უჭირთ, რომ აღნიშნულ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, ამ მიმართულებით ქალების ცნობიერების გაზრდის მიზნით, ქალთა ჯანმრთელობის თემებზე პუბლიკაციები თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდება.

გაზეთში ქალები საექიმო პროფესიაში მიღებულ იმ მანკიერებებზეც საუბრობენ, რომელსაც ექიმები კაცებთან შეთანხმებით ქალების წინააღმდეგ ახორციელებენ: 

"საექიმო პროფესიაში მიღებული წესი, რომ ცოლს დაუმალონ ქმრის უზნეობა და არ აცნობენ მას, რომ ის მსხვერპლია ვენერიული სენისა. ახალ ჯვარდაწერილს ცოლს, ქმრისგან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ დასნეულებულს, ექიმი ეუბნება, რომ ის იტანჯება აპენდიციტით, ამ სიცრუეს ამოფარებული უკეთბს მას ოპერაციას"("ხმა ქართველი ქალისა" N1, გვ. 4). საზარელი მარტვილობა(სიმართლე პიკადილზე) 5 აპრილი.

"პრემიერ-მინისტრმა ერთობ მჭერმეტყველურად წამოაყენა საკითხი ჭლექისგან თავის დასაცველად; ძლიერ სასურველი საქმეა! მაგრამ უფრო სასურველ იქნებოდა, რომ პრემიერს მოფიქრებოდა უფრო საშიშარი ფორმის სენი და ცდალიყო მოესპო მიზეზი სქესობრივი ავადმყოფობისა, მიზეზი, რომელიც დევს ქალთა დამონებაში...ვენერიული სნეულება ჭლექზე მეტად საშიშარია.... ყველაზე უფრო სერიოზული ფორმა ვენერიული დაავადებისა არის სიფილისი და სუსუნატი... უნდა აღინიშნოს, რომ სიფილისი საუკეთესო ნიადაგს უზმადებს  ჭლექს.  ვიტყვით მეტსაც, არსებობს ისეთი ფორმა ჭლექისა, რომელიც სიფილისის შთამომავალია. უკანასკნელ დროს აღმოაჩინეს, რომ სიფილისი უმზადებს ნიადაგს კიბოს გაჩენასაც. ქალებისთვის ვენერიული სნეულების საკითხი ღებულებს სპეციალურ ხასიათს და ტრაღიკულს ინტერესს, რომელიც გადადის მათზე და მათ შვილებზე". ("ხმა ქართველი ქალისა" N1, 4). საზარელი მარტვილობა(სიმართლე პიკადილზე) 5 აპრილი.

საგაზეთო პუბლიკაციებში ასევე საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის სიფილისი და სუსუნატი.

"სიფილისიანი ცოლი არა თუ გრძნობს ტანჯვასა და დამცირებას, რომელიც ხანდახან ღებულობს უცნაურ ფორმას, მას ზედ ერთვის ის საშიშროებაც, რომ ის გახდება დედა დამახინჯებული, სნეულ და იდიოტ ბავშვისა. ეს სენი იწვევს უფრო მშობიარობას და სხვა ათასნაირ ანომალიას. არავითარის სენი ისე არ მოქმედებს შთამომავლობაზე, როგორც  სიფილისი, სრულიად სხვა გავლენას, მაგრამ არანაკლებს საზარელს ქალებისთვის ახდენს სუსუნატი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია. 75-85 პროცენტი მამაკაცებისა  იძენენ მას ჯვრისწერამდე. ეს სენი ბევრად არ აწუხებს მამაკაცებს და ექიმებიც წინად ადვილად უცქერდნენ მას, მაგრამ ქალებისთვის მათი ფიზიოლოგიური სტრუქტურის მიხედვით, აღნიშნული სენი ერთი უმძიმესი სნეულებათაგაინია. ქალთა გათხოვების შემდეგ უძლურობა, რომელსაც არაკეთილშობილნი და უვიცნი მამაკაცები ქალთა ემანსიპაციის  საწინააღმდეგოთ წამოაყენებენ ხოლმე, გამომდინარეობს დედაკაცის არა ბუნებრივი სტატუსიდან, არამდე ამ სენიდან, ქალები, რომლებიც გათხოვების შემდეგ ავადმყოფობენ და ასეთი კი ხშირია, სუსუნატის მსხვერპლი არიან, რომელსაც მიჰყავს გადაგვარებამდე.  მომეტებული წილი ქალთა ოპერაციებისა, რომელიც ხშირად იწვევს საშვილოსნოს ამოჭრას ამ სენის მიზეზია". (N1, გვ, 4) საზარელი მარტვილობა(სიმართლე პიკადილზე) 5 აპრილი. ექიმი პაკროვსკაია.

პროსტიტიციისა და სექსუალური შინაარსის თემატიკაზე თუნდაც ნათარგმნი სტატიების დაბეჭდვა, იმ პერიოდის პრესაში საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ. "ხმა ქართველი ქალისა" ოპერატიულად აქვეყნებდა საზღვარგარეთის მასალასაც, რომელიც ასოციაციურად მიუთითებდა ქართველი ქალების წინაშე მდგარ პრობლემებზე. ეს ყველაფერი ხშირად რუსეთის მაგალითებზეა განხილული. გაზეთის მე-15 ნომერში დაბეჭდილ პუბლიკაციაში ავტორი პროსტიტუციის მიზეზებზე საუბრობს. ავტორი იმასაც აღწერს, თუ რა გზებით ხვდებიან ქალები ბორდელებში.

"მიზეზი პროსტიტუციისა: "ნებადართული საროსკიპოები წარმოადგენენ ქალებით სავაჭრო ცენტრს. მათ შესახებ 1900 წ. ქ. ყაზანში უბედურ ქალთა მოსარჩელე საზოგადოება გადმოგვცემს შემდეგს: "მომეტებული წილი ქალიშვილებისა მიდიან საროსკიპოებში არა  თავიანთი ნებით, არამედ ათასნაირი მოტყუებით, სპეციალური აგენტების მიერ.  სასამართლო პროცესებმა გვიჩვენეს, რომ ამ უბედურ ქალიშვილთა მდგომარეობა აუტანელია. თუ რომ ის გაბედავს პროტესტს, მას ისე სასტიკათ სცემენ, რომ ავად ხდება. მას ამწყვდევენ ოთახში, საიდანაც არ უშვებენ, წაართმევენ ტანისამოსს, ასმევენ ღვინოს, ან სხვა რამე გამასულელებელს სასმელს. აუპატივრებენ და შემდეგ არწმუნებენ, რომ ახლა მას "ასეთს" არც ერთი ჭირისუფალი არ მიიღებს. შემდეგ მას აშინებენ სასამრთლოთი ვალისათვის და თუ ახლაც არ დაემორჩილება, მას ხელახლად სცემენ. ("ხმა ქართველი ქალისა" N15,  2).20 ივლისი, საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე - მიზეზი პროსტიტუციისა.

გაზეთის ნომრებში საუბარია არამარტო პროსტიტუციის მიზეზებზე, არამედ მასთან ბრძოლის მეთოდებზეც:

"უფრო მართალი იქნება, რომ პროსტიტუცია განვიხილოთ როგორც ნაშთი ისეთი დროისა, როცა დამოკიდებულება ორთავე სქესისა ცნობილი იყო თავის უწესობით, მართლაც შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ გარყვნილება შეადგენდეს ბუნებრივ მოთხოვნილებას მამაკაცისას. თვით ბუნება წინააღმდეგია ამისა და ბიწიერებისთვის ხალხს ის ჯანმრთელობით ახდევინებს. რომ შევებრძოლოთ რომელიმე სიავეს და არ მგონია ვინმემ უარყოს, რომ პროსიტიტუცია არის სიავე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა აიძულებს ქალებს თავის გაყიდვას. ასეთი მიზეზების გამორკვევა საჭიროა, რომ ვიცოდეთ თუ როგორ ავიცილოთ ის თავიდან. ... პარიზში მოხეტიალე ბავშვები ხშირად სცვივიან პროსტიტუციაში. ბავშვი ჯერ მათხოვრობს, შემდეგ ყიდის ყვავილებს და ბოლოს თავის თავსაც. მზრუნველობას, რომელსაც აგრე ხშირად მოკლებულია ობლები, ჰქმნით მათ პროსტიტუტკებათ. ..ცუდი ოჯახი, ცუდი ნათესაობა და ცუდს აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა ქალის პირველ დაცემაში. "მრავალი მაგალითია, რომ უმუშაოთ დარჩენილი ქალი შიმშილით სიკვდილით თავიდან ასაცილებლად გამოდის ღამე ქუჩაში ფულების საშოვნელად". ("ხმა ქართველი ქალისა" N12,  2). საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე - რა უნდა ვუყოთ პროსტიტუციას. მიზეზი პროსტიტუციისა - 29 ივნისი.

 Open photo

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს ახალგაზრდა ქალების ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაბმის პრაქტიკასაც. სატინტერესოა სტატისტიკა, რომელიც პროსტიტუციასთან დაკავშირებით იმ პერიოდში ვრცელდებოდა:

"103 გამოკითხულში 51-მა შემდეგი მიზეზი დაასახელა: 30 -მა განაცხადა, რომ მათ არ სურთ მუშაობა. 3 უადგილოთ დარჩენით უკიდურესი სიღარიბის გამო,  ერთი წასულა საროსკიპოში პასპორტის უქონლობის გამო. სამი გახდენ პროსტიტუტკებათ მათთვის, რომ ესენი  გამოაგდო მშობლებმა ქალწულობის დაკარგვისა  გამო.  ერთ ეშინოდა სახლში დაბრუნება  მაისთვის რომ შეეყარა სიფილისი. ერთ უნდოდა გაეგო, რა იყო პროსტიტუცია.  მეორსეს თვით არ ესმის თუ რად გახდა პროსტიტუტკა.  ორს ურჩიეს ამხანაგებმა,  ერთი დედის სიკვდილის გამო.  ერთს მოკვდენია უკანონო ქმარი ("ხმა ქართველი ქლისა" N 13,  2). საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე რა უყოთ პროსტიტუციას. 6ივლისი.

ქალები  მოითხოვენ, რომ შეწყდეს ქალის სხეულით ვაჭრობა და მათი დამცირება:

"პროსტიტუცია, ამბობენ მამაკაცები, საჭიროა არმიისთვის, რომელიც მსახურობს სამშობლოს დასაცველად. მაგრამ იმ დროს, როდესაც სამშობლოს დაცვა აჯილდოვებს მამაკაცებს სხვა და სხვა პატივით და დაფნის გვირგვინს ადგამს მათ, ქალებიდან კი ქმნის ნაძირალებს  თანამედროვე კაცბრიობისა, რომელსაც ზიზღით უცქერენ. როდესაც მიდის პოლკი, მას ყველა პატივისცემით უცქერის, მაგრამ როდესაც ძალით მიდენიან ქალთა ბრბოს ეგრე საჭიროს, როგორც ამტკიცებენ ამ დამცეველებისთვის სამარცხვინო მედიკურ შესამოწმებლად, გამვლელნი მათ გინებითა და ყოვეგვარი დაცინვით ხვდებიან. მამაკცები არწმუნებენ ქალებს, რომ ეს ასე უნდა იყოს: დიდება ვაჟკაცებს და სირცვილი ქალებს! როგორი მძიმეა  მათი ცხოვრება თანამედროვე ცივილიზაციურ საზოგადოებაში ("ხმა ლი ქალისა" N20,  3).(საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე, მიზეზი პროსტიტუციისა) 24 აგვუსტი.

ქალთა მიმართ ძალადობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ქალები აქტიურად წერენ, არის ქალთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ვერბალური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კატო მიქელაძე გაზეთის მეოცე ნომერში ქალის მკვლელობის შესახებ გვიყვება, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოკლული ერთ-ერთი სადგურის ახლოს დამხრჩვალი იპოვნეს. სტატიაში სათაურით - "ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა", კატო იხსენებს:

"წარმომიდგა სურათი რამოდენიმე საათის წინათ ამ ქალის ტანჯვისა, თუ რა უნდა განეცადა მას მხეც ადამიანიდან. ჰო, რა საბრალოთ ვგრძნობდი იმ დროს ჩემს თავს, მით, რომ დედაკაცი ვიყავ! მაგრამ მამაკაცობა მაინც არ მინდოდა, არ მინდოდა ვყოფილიყავ ის სქესი, რომელსაც ნიჭი აქვს ასეთი ბოროტებისა!! ზიზღი, აღშფოთება ერთად ირეოდა ჩემს გულში. ყველას დამნაშავეთ, ყველას ჯალათად ვსთვლიდი. საუკეთესო ამხანაგი, ძმა რომ შემხვედროდა იმ დროს, მას კეთილი თვალით არ შევხედავდი...ის იყო მსხვერპლი მამაკაცის პირუტყვობისა... დედაკაცებისთვის დღემდე არსებობს ერთადერთი საშიშარი ნადირი და ეს ნადირია - მამაკაცი, რომლის შიშით ქალებს თავისუფლად მარტო ვერ გაუვლიათ ბნელს და მივარდნილ ადგილს. ეს სიმხეცე ყველაზე მეტად სამარცხვინო და საზიანო, როგორც პიროვნებისათვის, ისე საზოგადოებისათვის, მაინცდამაინც ძრიელადაც არ აშფოთებს ჩვენს პატივცემულს მამებს, ძმებსა და ქმრებს! მათი ჩვეულებრივი პასუხია: "რათ დადიხართ? დაჯექით სახლში!"

მე არა ვარ შურის მძიებელი, მაგრამ რამდენადაც ის იქნება გაკვეთილი მრავალთათვის, ჩვენ მოვითხოვთ სასტიკ გამოძიებას - ყველაზე მეტად დასასჯელს ზემო აღნიშნულ ბოროტ მოქმედებისას. ეს საქმე უმდაბლესი მამაკაცის ხელისაა და უკეთესმა მათგანმა უნდა ეწინააღმდეგოს მას თავისი სქესის სირცხვილის მოსახდელათ. ("ეს საქმე თვენი ძმების ხელისაა" - 20 ივლისი,  კატო მიქელაზე- 1917, 15,1-2)

ამასთან ერთად, გაზეთში ქვეყნდება სტატიები, რომელშიც ქალების მოტაცებაზეა საუბარი.

"ქართველ ქალებს სცემენ და აუპატიურებენ" - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზეა საუბარი, "ქუთაისის დაბა სოფლებში ისე გახშირდა ქალების მოტაცება, როგორც უძაღლო ოჯახში მელიებისაგან საქათმიდან ვარიების მოპარვა", - წერს სტატიის ავტორი:

 (...)1 განმავლობაში დაფარული იყო და სიბნელე თავის სუდარაში ხვევდა და ადამიანთა უმეტყველობა საიდუმლოთ ასამარებდა გულში, ამ თავისუფლების სხივთა სინათლეში მთელი თავისი სიმძაფრით დაგვენახა, მასზე დუმილი დღეს შეუძლებელია, რადგან მოგვეცა ნება მეტყველობისა და ჩვენი თავისუფალი სიტყვა ასეთს სიავის გამოაშკარავებას უნდა მოხმარდეს. ჩვენ არ გამოუდგებით ძველს ცოდვებს და მის ძიებას თუ რა გადახდა ქართველს ქალებს ამ ასი წლის განმავლობაში, რამდენი ემსხვერპლა სიტლანქეს და ტანჯული ჩაესვენა ცივ სამარეში. ჩვენ აღვნიშნავთ მხოლოდ მას, თუ რა ხდება დღეს ჩვენში და როგორ შეიგნეს მამრობითი სქესის ნაძირლებმა თავისუფლება ადამიანის პიროვნებისამათ გონიათ, რომ პოლიტიკური თავისუფლება და ადამიანის და მოქალაქის უფლება გამოიხატება იმაში, რომ ჩაიდინოს ის, რაც მათ პირუტყვს ბუნებას მოეპრიანება. და ასეთი თავისუფლების შეგნებით მათი უწესო საქციელი ყოველს საზღვარს სცილდება, რომლითაც ყველაზე მეტად ქალები იტანჯებიან. დღეს საკმარისია ვინმე ლოთმა, ეროტომანმა აითვალთვალოს რომელიმე ქალიშვილი, რომ ის მისი მსხვერპლი გახდეს, თუ რომ უკანასკნელი გავლენიანი ჭირისუფლების პატრონი არ არის. ამ ორი თვის განმავლობაში ქუთაისის დაბა სოფლებში ისე გახშირდა ქალების მოტაცება, როგორც უძაღლო ოჯახში მელიებისაგან საქათმოდან ვარიების მოპარვა.

სოფელ კულაში გაიტაცეს მკერავი ქალიშვილი, მას სხვა ჭირისუფალი არ ყავდა გარდა ერთი მოხუცებული მამიდასი და პატარა ძმისა, რომელნიც მისი შრომით არსებობდენ. და მიუხედავათ ვედრებისა აღმასრულებელ კომიტეტთან და მილიციონერებთან ეს ქალი მოძალადე საქრმომ გაიტაცა, შუა დღისას, დღისით, მზისით შუა ბაზარში და მის გულის შემზარავ კივილ ჩხივილზე მას არავინ მოსარჩლე და მიმშველებელი არავინ არ გაჩენია. ახალს სენაკში გაიტაცეს რაოდენიმე დღის წინათ ქალიშვილი და გაუპატიურებელი სამი დღის შემდეგ უკანვე გამოსტაცეს თავის ჯალათს, რომელიც დღეს სიკვდილის პირად მიმდგარი წევს ადგილობრივ კომისარიატის ბინაზე. სოფელ მაღლაკში მოიტაცეს ქალიშვილი ძალად ჯვარი დასწერეს მას და დღეს, კიდევ რაოდენიმე ოჯახს თავს დასხმას ემუქრებიან, რომლებსაც შიშით სხვა და სხვა ალაგს გადაუმალავთ თავიანთი შვილები. სხვა მიყრუებულ სოფლებში რა ხდება ერთმა ღმერთმა უწყის! ასეთს ბარბაროსულ მოვლენას, ასეთს გათახსირებას ქართველი კაცისას არა თუ ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, არამედ პირზე ღიმილით უხვდებიან ის პირები, რომლებიც ცარიელი ენით ქალთა სწორუფლიანობას აღიარებენ. უბრალო ჯიბგირები, ქურდები დასაჯეს, დასაჯეს სასტიკათ და ასეთი ძალადობა ადამიანის სულზე და ხორცზე დღემდე არავითარს სასჯელს არ იწვევს და სრულიად გულ გრილათ ხვდებიან მას. ქ.ქუთაისში ამ ერთი კვირის წინათ პარკის სარჩევ სახელოსნოში, რომელიც მოთავსებულია სათავათ აზნაურო გიმნაზიის შენობაში რაოდენიმე კაცის თვალწინ სახელოსნოს პატრონმა მუშტით ცემა ხანში შესული მუშა ქალი. სამტრედიაში ერთმა მხეცმა ხალხის წინ ცემა რომ არ აკმარა, მკლავზე უკბინა დედაკაცს და მთელი ლუკმა ხორცი ამოაგლიჯა. ქალებო, გესმის რა ხდება ჩვენს სამშობლოში, სადაც ქალთა სწორუფლიანობას ხელს აწერს ყველა პოლიტიკური პარტიები? დღეს ამ საერთო განახლების დროს და მოქალაქობრივი ცხოვრების განმტკიცების დროს, ის ხდება ჩვენ ქვეყანაში, რაც მე 10 და 12 საუკუნის ქართველი კაცისათვის წარმოუდგენელი იყო! ქართველს ქალებს სცემენ და აუპატიურებენ ქართველი მამაკაცები"!! (გვ1, 29 ივნისი)12

მამაკაცთა მხრიდან ქალები ძალადობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან. ამას ადასტურენს გაზეთის მე-11 ნომერში დაბეჭდილი სტატია, სადაც ქალთა კრების ჩაშლის ამბავია მოყოლილი. სტატიის ავტორი ეფროსინე ნაფეტვარიძე წერს:

"ამ თვის ხუთში შემთხვევით ჩავედი ს . ტობანიერში. იქ მრავალი ამხანაგი ქალები ვნახე. სათითაოთ ყველამ მიამბო, როგორ დატუქსული არიან იქაურ მამაკაცებისგან. როცა გავიგეთ, რომ ქალებსაც აქვს არჩევნების უფლება, მიამბო ერთმა მეგობარმა ქალმა, მოვილაპარაკეთ ერთმანეთს შორის ქალებმა და შევგროვდით ადგილობრივ პირველ დაწყებითი სკოლის შენობაში. გავხსენით კრება თუ არა, ამ დროს შემოგვივარდნენ მამაკაცები და დაგვარბიეს და კარში გამოგვყარეს".

- ვინ მისცა ქალებს ის ნება, რომ ოჯახი მიატოვოს და კრებები მართოს, ეს ერთი ასე იყოს; და მეორეთ კიდევ ეს გაბედოთ, სულ დაჟინჟღლული წკნელით ზურგზე ტყავს აგაძრობთო - ჰვიყვიროდნენ მამაკაცები.

შეშინებული ქალები ზოგი იქნით, ზოგი აქეთ გაიქცა, ერთი ქალიშვილი გალახეს კიდეც. ამ ვაჟბატოენთა შორის, მიამბო ჩემმა მეგობარმა,  არა მარტო ყრუ შეუგნებელი ერია, არამედ  თავი რომ სოციალისტებათ მოაქვთ  და დიდათ განვითარებულათ, ისეთებიც. ამ ამბავის გაგონებაზე თავ-ზარი დამეცა. შემებრალა ქალები, მაგრამ უფრო მეტად გული მატკინა თვით მამაკაცის სიტლანქემ, სიბრიყვემ. აფსუს ძველო რაინდო ქართველო, გავიფიქთე გულში და წარმომიდგა ღირებულობა იმ ქალბატონ-ვაჟბატონების სიტყვებისა, რომლებიც გაიძახიან: "რა საჭიროა ქალების ცალკე ბრძოლა და მუშაობა, როდესაც ისედაც უფლება მოპოვებული არიან დედაკაცები"-ო. ეს შემთხვევა დიდი გაკევთილია ჩვენთვის! ერთად დებო, შორს ჩვენგან ცრუ მოყვრები. გაუმარჯოს ქალთა ერთობას". N11, გვ 4 "ეს. ტობანიერის მამლაყინწები -  ეფროსინე ნაფეტვარიძე - 22 ივნისი.)

რუბრიკაში "ახალ ამბები", ერთი პოლონელი ქალის გასაჭირზეც არის მოთხრობილი, რომელსაც დახმარება გაზეთის რედაქციისთვის უთხოვია.

"ჩვენს რდეაქციაში შემოვიდა ატირებული პოლონელი ქალი, რომელმაც განაცხადა - მე ვიყავი მომღერალი ქალი ერთს ასტრახანის თეატრში, მქონდა მრავალი ნივთები, ფული და ავეჯეულობა. გადამეკიდა აქაური ალექსანდრე ქათამაძე, რომელიც მეფიცებოდა  სიყვარულს, მე ვენდვე მას. რაც ფული ჰქონდა გაფლანგა, დამასნეულა ვენერიული სენით, რომლითაც  ეხლა ავათ ვარ. ყოველდღე ლოთობს და მცემს. მინდა, ვიაქიმო და რაც გადარჩა მას ჩემი ნივთებითა და ავეჯით უკანვე გავბრუნდე. მაგრამ ის ამის ნებას არ მაძლევს. პ.ს. დღეს დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო გაარჩევს ქათამაძისა და ზემოხსენებელი პოლონელი ქალის საქმეს (N6 (ახალი ამბები) გვ. 3.)18 მაისი.

გაზეთის მე-17 ნომერში გამოქვეყნებული სტატია ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თემას ეხმიანება. პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ღარიბი წრიდან გამოსული ლამაზი ქალები თურქეთში ძირითადად ზღვისპირა ქალაქებიდან გაჰყავთ.

"ქალებით ვაჭრობა ჩვენს მხარეში იმ სახით წარმოებდა, როგოც სხვა ქვეყნებში. მონა ქალს ისე ჰყიდდენ, სცვლიდენ, აჩუქებდდენ, როგორც მონა კაცს.  ბატონ-ყმობის დროს ბატონს ნება ჰქონდა გაეყიდა მთელი ოჯახი გლეხისა ერთად ან ცალ-ცალკე... საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გადავარდა ბატონ-ყმობა, მოისპო მამაკაცების ყიდვა მხოლოდ, ქალებით ვაჭრობა დღესაც არის. ამ მოვლენას ძლიერ ხელს უწყობს ხალხის ეკონომიკური დაქვეითება... ვინ არის მსხვერპლი? უმეტეს ნაწილად ღარიბი, ლამაზი ქალები ან ქალიშვილები, რომელნიც ეძებენ სამუშაოებს, რათა თავის თავი ირჩინონ და მახლობლებს დაეხმარონ. აქ კი მათ ხვდებათ ობობას ქსელი გაბმული მსხვილ ვაჭართა მიერ, სხვადსხვა ხერხით და მოტყუებით. ქალებით ვაჭრობა უფრო გავრცელებულია დიდ ქალაქებში საზღვარზედ, ნამეტურ ზღვის პირად. აქედან ძალიან ადვილია მათი საზღვარგარეთ გაგზავნა. უმთავრესი ბაზარი ქალებით ვაჭრობისა სტამბოლია. იქ ყველაზე მეტი ქალები რუსეთიდან შემოყავთ. ჩვენი მხირდან კი ბათუმ-ფოთიდან გაჰყავთ. როგორც ქალს საროსკიპო სახლში შეიყვანენ, სახელს და გავრს უცვლიან. გაიხსენეთ "ქრისტინე", მას რახილს ეძახთენ, საროსკიპომ ის ებრაელ ქალად აქცია. ყველა იმ ქალებს, რომელნიც სტამბოლში შეჰყავთ, აძლევენ პასპორტს და ამით ყოველ კვალს უკარგავენ. განა მარტო  ქალებით ვაჭრობენ?! მცირეწლოვან ბავშვებს უფრო ეტანებიან. ამათ ტკბილეოლობით სხვა და სხვა მასპინძლობით, საჩუქრებით და გართობით იტყვილებენ და სხვა მხარეში ჰყიდიან.  მონობა მოისპო, მაგრამ ქალი დღესაც მონაა და იყიდება ისე, როგორც საქონელი.

რამდენიმე ენაზე ლაპარკობდენ. აგენტებად აიყვანენ ლამაზ ახალგაზრდა ვაჟებსა და  დარბაისელ ქალებს - ესენი ძალიან მდიდრულათ არიან ჩაცმული, ფულსაც ბევრს ხარჯავენ - ამას მოითხოვს გარემოება, რომ საჭიროებისამებრ ქრთამი და საჩუქარი გასცენ. ქალებით ვაჭრობა ისე კარგათ მოწყობილი და გამაგრებულია, რომ მასთან ბრძოლა ქალთა მფარველ საზოგადოებას, რომელიც 1910 წლიდან არსებობს, ერთობ უჭირს და ვერც მიზანს აღწევს, რა გზით უნდა გაჩაღდეს ბრძოლა მის დასამარცხებლად, ამაზე შემდეგ. ქალებით ვაჭრობის თემას ეხებიან: "ხმა ქართველი ქალისა" N17 გვ4 1917 პირველი სუფრაჟისტაკა 3 აგვისტო.

1917-1918 წლების გამოცემა "ხმა ქართველი ქალისა" ადასტურებს, რომ ქალთა ემანსიპაციის საკითხები XX საუკუნის დასაწყისის პრესაში მეტად აქტუალურია და ხშირად განიხილება. ამ თემაზე საუბრობენ როგორც საზოგადო მოღვაწე ქალები და მამაკაცები, ასევე საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ქალბატონები. გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა"  ერთგვარ ტრიბუნად იქცა იმ ქალებისთვის, რომლებმაც ქალთა დისკრიმინაციის წიმააღმდეგ  ხმა აიმაღლეს და გენდერულ უთანასწორობას ბრძოლა გამოუცხადეს.

გაზეთის ნომრებში სტატიები იბეჭდებოდა არამარტო ქალთა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური როლის დაკნინების შესახებ, არამედ ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროსტიტუცია, უსაფრთხო სექსუალური კავშირიები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ა.შ. ამ თემაზე თუნდაც ნათარგმნი სტატიების გამოქვეყნება მაშინდელ პრესაში, ალბათ, არ იქნებოდა ადვილი საქმე. ეს ის პერიოდია, როცა ქალები ნელ-ნელა იწყებენ თავიანთი პრობლემების პირადი სივრციდან საჯარო სივრცეში გადმოტანას.

საბოლოო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც აქტიურად აშუქებდა ქალთა პრობლემებს, უშუალოდ მონაწილეობდა ქალთა უფლებების წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელს უწყობდა ქალთა ემანსიპაციის პროცესს. ამ თვალსაზრისით, "ხმა ქართველი ქალისა" მედიაფლაგმანად გვევლინება და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ამ გაზეთზე  უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

დღის ამბები