19 ივნისი 2026,   06:10
ვრცლად
ესპანეთი 500 000 არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაციას გეგმავს - ეკონომიკური აუცილებლობა თუ პოლიტიკური რისკი?

ესპანეთის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ ნაბიჯს ამზადებს - ქვეყანაში მცხოვრები 500 000 არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაციას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ესპანეთში წლებია ცხოვრობენ და მუშაობენ, თუმცა სრულფასოვანი სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ. მთავრობის განცხადებით, ინიციატივის მთავარი მიზანია შრომით ბაზარზე არსებული ადამიანური რესურსის დეფიციტის აღმოფხვრა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზება და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა. გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია მწვავე პოლიტიკური დებატები როგორც ესპანეთის შიგნით, ისე ევროკავშირის მასშტაბით.

ესპანეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, მომსახურების სექტორზე, სოფლის მეურნეობასა და მშენებლობაზე. სწორედ ამ სფეროებში წლებია ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი. განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა სეზონურ სამუშაო ადგილებში - სასტუმროებში, რესტორნებში, სასოფლო-სამეურნეო დარგებში, ლოჯისტიკასა და თავის მოვლის სფეროში. ხელისუფლების პოზიცია კი ასეთია - ასიათასობით ადამიანი უკვე მუშაობს ქვეყანაში არალეგალურად. ისინი სრულად ვერ იხდიან გადასახადებს, არ არიან დაცული შრომითი კანონმდებლობით და ხშირად ხდებიან ექსპლუატაციის მსხვერპლი. სახელმწიფო კი კარგავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს. ლეგალიზაციის შემთხვევაში, ეს ადამიანები ოფიციალურ შრომით კონტრაქტებზე გადავლენ, სოციალური შენატანები გაიზრდება, ე.წ. შავი დასაქმება შემცირდება და შრომის ბაზარი  უფრო გამჭვირვალე გახდება.

თუმცა საუბარი არ არის ავტომატურ მოქალაქეობაზე ან უვადო ცხოვრებისა და მუშაობის უფლებაზე. პროგრამა შეეხება იმ პირებს, რომლებიც  ესპანეთში უკვე ცხოვრობენ და განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. მათ შეეძლებათ მიიღონ დროებითი ან სამუშაო რეზიდენტობა, გააფორმონ ოფიციალური შრომითი კონტრაქტი და ჩაერთონ სოციალური დაცვის სისტემაში. ეს არის ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი და არა მოქალაქეობის მინიჭების პროცესი.

ევროპის მასშტაბით ეს გადაწყვეტილება დემოგრაფიულ და ეკონომიკურ რეალობას უკავშირდება. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა ბერდება, სამუშაო ასაკის ადამიანების რაოდენობა მცირდება და ეკონომიკას დამატებითი მუშახელი სჭირდება. მიგრაციის საკითხი პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემად რჩება - ერთ მხარეს არის მოთხოვნა საზღვრების გამკაცრებისკენ, მეორე მხარეს კი ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებისკენ. ესპანეთის ნაბიჯმა შესაძლოა პრეცედენტი შექმნას სხვა ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტი უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა.

გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა. ოპონენტები აცხადებენ, რომ მასშტაბურმა ლეგალიზაციამ, შესაძლოა, ახალი არალეგალური მიგრაციის ტალღა გამოიწვიოს და შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში არალეგალურად დარჩენა საბოლოოდ სამართლებრივ სტატუსს უზრუნველყოფს. ასევე არსებობს პოლიტიკური რისკი - საკითხმა შესაძლოა გააძლიეროს მემარჯვენე პარტიების პოზიციები და გაამწვავოს საზოგადოებრივი პოლარიზაცია. ხელისუფლება კი პასუხობს, რომ პროცესი იქნება მკაცრად რეგულირებული, კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული და შრომით კონტრაქტებთან მიბმული.

ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან არალეგალურად და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეძლებენ სამართლებრივი სტატუსის მიღებას. ამასთანავე, ლეგალიზაციის შედეგად შრომის ბაზარზე კონკურენცია შესაძლოა გაიზარდოს, განსაკუთრებით მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სექტორებში. თუმცა, ოფიციალური სტატუსის მიღება ნიშნავს სტაბილურობას, სოციალური დაცვის სისტემაში ჩართვას და სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას მინიმუმ 1 წლით მაინც.

იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ პროცესით ისარგებლონ, საჭირო იქნება რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. საბოლოო წესები ოფიციალურად უნდა განისაზღვროს, თუმცა მსგავსი პროგრამების პრაქტიკიდან გამომდინარე, მოთხოვნები შესაძლოა მოიცავდეს:

  • პირი უნდა იმყოფებოდეს ესპანეთში 2025 წლის 31 დეკემბრამდე

  • უნდა შეძლოს ქვეყანაში მინიმუმ 6 თვის უწყვეტი ყოფნის დადასტურება აღნიშნულ თარიღამდე (მისამართზე ჩაწერის ცნობა, გადასახადების გადახდის ამონაწერი, ექიმთან ვიზიტის ქვითარი და ა.შ)

  • არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური ნასამართლეობა არც ესპანეთში და არც წარმოშობის ქვეყანაში

  • არ უნდა არსებობდეს მოქმედი დეპორტაციის ან გაძევების გადაწყვეტილება (ან იგი უნდა იყოს შეჩერებული)

  • უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციულ მოთხოვნებს და არ ჰქონდეს მძიმე სამართლებრივი დარღვევები

  • შესაძლოა საჭირო იყოს შრომითი კონტრაქტი ან დამსაქმებლის წერილობითი შეთავაზება

ესპანეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ პროცესი არ იქნება ავტომატური - განაცხადები ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე. ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, განაცხადების მიღება დაგეგმილია 2026 წლის აპრილში, ხოლო განაცხადების წარდგენის ვადა, სავარაუდოდ, გაგრძელდება 2026 წლის ივნისის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურ აპლიკანტებს ექნებათ დაახლოებით 2 თვე განცხადებების შესატანად.

ესპანეთი ცდილობს პასუხი გასცეს რთულ დილემას - მკაცრი მიგრაციული კონტროლი თუ ეკონომიკური რეალობის პრაგმატული გადაწყვეტა. მადრიდმა ამ ეტაპზე ეკონომიკური არგუმენტი აირჩია და უკვე არსებული არაოფიციალური სამუშაო ძალის ლეგალიზაციის გზას დაადგა. დრო აჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება ეს ნაბიჯი ეკონომიკური სტაბილურობის, სოციალური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ბალანსის თვალსაზრისით. ერთი კი ნათელია - მიგრაციის საკითხი კვლავ რჩება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ და სტრატეგიულ თემად, რომლის გავლენა არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ კონტინენტურ დონეზეც იგრძნობა.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები