რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების დაკავებული წევრების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღეს განიხილეს 9 ბრალდებულის საქმე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა თითოეული ბრალდებულის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ. მოცემულ საქმეზე პირთა წრე ვერ გაფართოვდება, მაგრამ გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, შესაბამისად, ბრალდების მხარე მზაობას აცხადებს - როგორც კი გამოიკვეთება კონკრეტულ პირთა ბრალეულობა, დაუყოვნებლივ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა თითოეული მათგანის მიმართ", - აცხადებს პროკურორი თორნიკე მახათაძე.