ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან ეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების შრომითი ინტერესები. პრემიერის განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა. აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი, თუმცა აქვე აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული ცვლილება დაგვიანებულია.
"რეალურად, ეს პრობლემა ჩვენს მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არის ამაზე საუბარი, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელსაც იძულების წესით იღებს "ოცნება" მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ხვედელიანის მსგავსად, გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ზეწოლის შედეგად, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ.
"ეს გადაწყვეტილება არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიც გახლავთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ქართველი სტუდენტი წავიდა უცხოეთში იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები აღარ იყო საქართველოში. ამდენი ხნის მანძილზე, როცა ვაცხადებდით, რომ ეს იყო პრობლემა თავს იკატუნებდნენ. საბოლოო ჯამში, სახალხო ზეწოლის შედეგად, მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.