08 აგვისტო 2026,   04:01
ვრცლად
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს - თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საველე ჰოსპიტალში სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საველე ჰოსპიტალში სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს. მომზადების ფარგლებში, სამედიცინო პერსონალს დაზარალებულების გადაუდებელი დახმარება და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება ევალება. მოწმდება როგორც რეაგირების სისწრაფე, ასევე - რესურსების მართვის ეფექტიანობა. ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, მიწისძვრების, წყალდიდობების, მეწყერისა და სხვა კატასტროფების დროს იმუშავებს.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობით შეიქმნა. ჯანმოს წარმომადგენლები სწავლებას ადგილზე დაესწრნენ.

უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო მზადაა, მონაწილეობა მიიღოს გლობალურ დონეზე ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაცვის მინისტრთან. განიხილეს რეკომენდაციები და კონკრეტული ვადები, საბოლოო ვერიფიკაციის მისაღებად. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, გადაუდებელი დახმარების სამსახური საერთაშორისო სტანდარტების დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს, რაც სამედიცინო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობაა.

გუნდის შემადგენლობაში ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები არიან. სამედიცინო ჯგუფი, საგანგებო სიტუაციების დროს, საველე პირობებში იმუშავებს და შეძლებს, დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთაც.

დღის ამბები