ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინეს. დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა.
მგზავრთა ნაკადის რეკორდული მაჩვენებელი და აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპი - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების გეგმა შემუშავების პროცესშია. პროექტი როგორც არსებული ტერმინალის გაფართოებას, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. უკვე მოეწყო აეროპორტის მმართველი კომპანიის კონცეფციის განხილვაც.
ტერმინალების გაფართოებასა და მოდერნიზაციასთან ერთად, გეგმა აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც მოიცავს. პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთა ნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა. პროექტი გათვლილია როგორც მიმდინარე ტენდენციებზე, ისე სამომავლო ზრდის პროგნოზებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "იგლ ჰილსის" ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცევა, რაც პირდაპირ აისახება აეროპორტის ფუნქციონირებასა და ავიარეისების ზრდაზე.
გასული წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა ისტორიული მაჩვენებლით დაასრულა. მგზავრთა ნაკადმა 1 200 000-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე