სამეგრელოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, რომელმაც სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად პროექტების მიმდინარეობა და შესრულების ხარისხი შეამოწმა.
მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალები განიხილა.
ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია. პროექტი თანამედროვე, ეკოლოგიურად გამართული და მოქალაქეზე ორიენტირებული რეკრეაციული სივრცის შექმნას ითვალისწინებს. განახლდება რეკრეაციული ზონა, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის საჭირო საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული დასასვენებელი სივრცეები.
ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობა რიონზე — შენდება ახალი, 436-მეტრიანი, 8-მალიანი ფოლად-რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი და 2 კილომეტრიანი მისასვლელი გზები. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ემსახურება.
60.8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკი-ის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
დღეს მინისტრმა ფოთში მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.