მმართველ გუნდში ელისო კილაძის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის ამტკიცებს, რომ მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შურისძიებას უკავშირდება, შეფასებები კეთდება.
თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შურისძიებას უკავშირდება. დაკავების შემდეგ კილაძემ წერილში დაწერა, რომ მამუკა მდინარაძე ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობაში ამხილა.
ანალოგიური ინფორმაცია ელისო კილაძემ ჯერ კიდევ 15 ივლისს გაავრცელა. რეალურად კი ირკვევა, რომ კილაძის მიერ გამოქვეყნებული ბიტკოინების საფულის "სქრინი" აღებულია კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის მოძიება ყველას შეუძლია.
ასევე, ირკვევა, რომ "სქრინში" მითითებული კოდი 2015 წელს წყალდიდობის შედეგად დაზიანებებისა და დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ელისო კილაძემ ეს ინფორმაცია დამალა და საქართველოს მისამართზე გადარიცხული კრიპტოვალუტა, მამუკა მდინარაძის ბიტკოინებად მოიხსენია. გამოქვეყნებულ "სქრინში" არსადაა მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვახტანგ თურნავა აცხადებს, რომ კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თეორიულადაც შეუძლებელია დაადგინო, ვინ არის კონკრეტული ვოლეტის მფლობელი.
"თეორიულადაც შეუძლებელია, რომ დაადგინო კონკრეტული ვოლეტის მფლობელი ვინ არის, იმიტომ, რომ საერთოდ იდენტიფიკაცია არ ხდება ბლოკჩეინში. ჩანაწერები არის თუ რაღაც კოდ ვოლეტზე, რა თანხა დევს და რა ტრანზაქციებია გაკეთებული, რომელი ვოლეტიდან, რომელ ვოლეტზეა ფული გადარიცხული. ეს არის საჯარო. ამის იქით, არანაირი იდენტიფიკაცია, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა არ არის. შესაბამისად, ეს ყველაფერი ტყუილია. მიზანია, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში, უბრალოდ ისეთი რაღაცები მაინც მოიგონონ, რასაც ოდნავ, 1% შანსი მაინც ჰქონდეს ამ ტყუილს. ტექნოლოგიებში არ გამოდის ეს ტყუილები, ვინაიდან, ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული, პირდაპირ მიხვდება, რომ სრულიად აბსურდს საუბრობს ეს ადამიანი", - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ.