ანგარიში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტის მიერ მოიხსენიებოდა საქართველო 2012 წლამდე ადგილად, სადაც წამებას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ახლა კი, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები.
კომიტეტი მიესალმება იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები და წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციაზე. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობაზე. მონიტორინგის ფარგლებში, ექსპერტებს არ მიუღიათ ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.
წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში სამართალდამცავ სტრუქტურებში აღმოჩენილ ხარვეზებზეც არის საუბარი და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციებიც გაიცა. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების განაწილების პოლიტიკის არარსებობა, პატიმრებს შორის ძალადობა და არაფორმალური იერარქიის გავლენა, აქციების დროს დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა - კომიტეტის რეკომენდაციაა ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირების დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა.
მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში კრიტიკულია, მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, 2012 წელთან შედარებით არსებულ მკვეთრ გაჯანსაღებაზეა საუბარი.
CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის ნოემბერში და 2025 წლის იანვარში იმყოფებოდა.