სასჯელს ძალადობრივი აქციების წინა ხაზის მონაწილეები იხდიან, დანაშაულზე პასუხისმგებლობას კი, პრემიერ-მინისტრი ჩრდილში მყოფ იმ ადამიანებს აკისრებს, ვინც ახალგაზრდებს ძალადობისკენ უბიძგა. საუბარია აქციებზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებულ პირებზე, რომელთა ფოტოებიც "იმედის" ღია ეთერში დებატების მონაწილემ აჩვენა. მთავრობის მეთაურმა მოწინააღმდეგეებს რევოლუციის 5 მცდელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ დისკუსიის დროს დააკისრა, დღეს კი მედიასთან თქვა, რომ სწორედ ადამიანთა ამ ჯგუფმა მიიყვანა ახალგაზრდები მოტყუების გზით ციხის კარამდე.
ციხეში მყოფი ახალგაზრდების დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. თავდასხმა პოლიციელზე ხელკეტის გამოყენებით, ძალადობრივი მოწოდებები, იერიში ქვებით და პიროტექნიკით, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოზე, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია - სპიკერმა დაწერა, რომ ადამიანები, ვინც დღეს მსჯავრდებულების და ბრალდებულების სტუდენტ პატიმრებად წარმოჩენას ცდილობენ, ჰიბრიდული ომის კლასიკური ხერხებით მოქმედებენ და უსაფუძვლოდ სპეკულირებენ იმ ახალგაზრდებით, ვინც წინა ხაზზე რევოლუციისთვის თავად მიუშვეს.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ახალგაზრდების ამ ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩართვაზე? - პასუხს თავს არიდებენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებმაც დღეს ისრების გადატანა სხვა მიმართულებით არაერთხელ სცადეს.
ცინიზმი, მმართველი გუნდისთვის, ოპონენტების დამოკიდებულებაა იმ მძიმე დანაშაულების მიმართ, რომელსაც ოპოზიციის ლიდერებიც მუდმივად ახალისებდნენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მენტორ-ორგანიზატორებს დღეს უკვე არ აქვთ მორალური უფლება ისაუბრონ აქციის მონაწილეებზე, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სწორედ მათი გაცნობიერებული სტრატეგიის - ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გამო მოხვდნენ.
მენტორ-ორგანიზატორები, ვისზეც სახელისუფლებო გუნდი საუბრობს, მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებშიც არსად ჩანან. წინა ხაზზე მყოფი ათეულობით ახალგაზრდა კი სასჯელს სხვადასხვა, მათ შორის, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ჯგუფური ძალადობისთვის, ძალადობის ორგანიზებისა თუ მონაწილეობის ფაქტებზე იხდის.