08 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
ვინ გამოავლინა საქართველოში აივ ინფექციის პირველი შემთხვევა და რა ვიცით ამ ინფექციის შესახებ?

საქართველოში აივ ინფექციის პირველი დიაგნოზი დაისვა რამდენიმე ათეული წლის წინ, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში - შიდსის ლაბორატორიის გამგის მანანა ღვაბერიძის მიერ.  ის ამ ცენტრში  40 წელზე მეტია მუშაობს. 

მას შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების 11618 შემთხვევა გამოვლინდა.  მათგან 8719 მამაკაცია, 2899 კი ქალი. პაციენტთა საშუალო ასაკი კი 38 წელია. გარდაიცვალა 2492 ადამიანი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2016 წელს იყო, როცა ინფექციას 168 ინფიცირებული ემსხვერპლა.   

აივ ინფექცია/შიდსი ქრონიკული დაავადებაა და ის ადამიანის იმუნურ სისტემას დროთა განმავლობაში მთლიანად ასუსტებს. თუ ინფექცია ორგანიზმში ხვდება, იქ სამუდამოდ რჩება, თუმცა მედიცინამ აივ ინფექციის მართვის მიმართულებით, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ/შიდსი დღეს უკვე მართვად ქრონიკულ დაავადებად გადაიქცა. მკურნალობის შედეგად, რომელიც საქართველოში სრულიად უფასოა, ადამიანები ამ დიაგნოზით  ათწლეულების განმავლობაში სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ.

აივ ინფექციის დასადგენად საჭიროა სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა. 

აივ/შიდსი — ეს ორი ტერმინი, ალბათ, ხშირად გსმენიათ, მაგრამ რა განსხვავებაა მათ შორის? პირველი დაავადების გამომწვევი ინფექციაა, ხოლო მეორე თავად დაავადებაა.

შიდსის უკან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი დგას. ეს ვირუსი მიეკუთვნება ლენტივირუსებს, რომელთა ორგანიზმში შეღწევაც ჩვენს იმუნურ სისტემას აზიანებს და ადამიანს დაავადებების მიმართ მოწყვლადს ხდის. კერძოდ, აივ  პირველ რიგში, მიზანში CD4+ ლიმფოციტებს იღებს, რომლებიც უჯრედულ დონეზე იმუნურ რეაქციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვირუსი მათ რაოდენობას ამცირებს და ფუნქციას თრგუნავს, რასაც იმუნოსუპრესია მოჰყვება. როცა პათოგენი CD4+ ლიმფოციტებთან ურთიერთქმედებს, მისი გარსის ცილა მათ მოლეკულებს უერთდება და, საბოლოოდ, უჯრედში შედის. ამის შედეგად ვირუსის გენეტიკური მასალა მასპინძლის გენომში ინტეგრირდება,  იწვევს იმუნოდეფიციტს და საბოლოო ჯამში ვითარდება შიდსი.

ქვეყნის მასშტაბით აივ ინფექციაზე საეჭვო შედეგის მქონე სისხლის ნიმუშები თენგიზცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის ლაბორატორიაში იყრის თავს, სადაც შესაბამისი კვლევები ტარდება. სისხლის ნიმუშები  რამდენიმე მეთოდით მოწმდება.

 

თამუნა  გახოკიძე მრავალშვილიანი დედაა - ოთხი შვილი ჰყავს. სამი მას შემდეგ გააჩინა, რაც შეიტყო რომ აივ ინფიცირებული იყო. არცერთი ბავშვი ვირუსის მატარებელი არ არის. 

 "პირველი რეაქცია ჩემთვის  იყო ის, რომ დიდი დრო აღარ დამრჩა, ყველაფერი დასრულდა. გავაანალიზე, რომ ის დრო მე რომ მეგონა დარჩენილი მქონდა, არაფრისთვის მყოფნიდა’’. 

16 წელია ამ დიაგნოზით ცხოვრობს, ახსოვს ის დღეც, როცა პირველად შეიტყო, რომ აივ ინფექციის მატარებელი იყო. საკუთარ ცხოვრებაზე ღიად ლაპარაკობს და ამით იმ ადამიანების სათქმელსაც ამბობს, ვინც სტიგმის გამო დღემდე იტანჯება. მან სიცოცხლე თავის დიაგნოზთან ერთად კიდევ უფრო შეიყვარა.

"მე რომ არ მიყვარდეს ჩემი დიაგნოზი, ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. მე ვერ ვიქნებოდი სხვებისთვის სარგებლის მომტანი. ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნით, საერთო ჭურჭლით აივ ინფექცია/შიდსი არ გადადის.’’

თამუნას მსგავსად, ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადმიანები, რომლებიც აივ დადებითები არიან და ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადიან.

ინფექციის მიმართ საზოგადოების მხრიდან სტიგმა იმდენად დიდია, რომ ხშირად მათ დიაგნოზის დამალვაც კი უწევთ.

შიდსი იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ქრონიკული ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში იმუნურ სისტემას მთლიანად ასუსტებს.

ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შესაძლებელია მხოლოდ სამი გზით მოხვდეს: აივ ინფიცირებული სისხლით, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით და ინფიცირებული დედიდან ბავშვზე.

ვირუსი ფარულად აზიანებს ორგანიზმს, სანამ შიდსი საბოლოოდ გამოვლინდება. ეს საშუალოდ 4-5 წელში ხდება. ამის მიუხედავად, აღნიშნული დაავადების შემთხვევაში მსგავსი პერიოდი ცვალებადია და სხვადასხვა პაციენტში შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი ან ხანმოკლე იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ადამიანის იმუნიტეტი და რამდენად აგრესიულია ვირუსი.

სიმპტომებიც არაერთგვაროვანია, ექიმები გამოარჩევენ რამდენიმეს –საერთო სისუსტე, გახანგრძლივებული ტემპერატურა, წონაში კლება, გახანგრძლივებული ფაღარათი, პერიოდულად ფილტვების ანთება, სხვადასხვა ადგილზე გამონაყარი და სხვ.

ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების 53% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 30% - ნარკოტიკული საშუალებების ინექციური მოხმარებით, 14% კი ჰომოსექსუალური კონტაქტით.

აივ ინფიცირებულ პაციენტთან ურთიერთობა არ არის საშიში.

დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებით, თუკი ვირუსი დროულად გამოვლინდება და პაციენტი მკურნალობის კურსს დაიწყებს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმდენივე იქნება, რამდენიც არაინფიცირებული ადამიანის.

აივ ინფექცია/შიდსი რამდენიმე დეკადის წინ იყო ფატალური ინფექცია, მაგრამ ბოლო დროს ამ დარგში დიდი პროგრესია.

თუკი მკურნალობის ფონზე, ინფიცირებულის ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი ნულდება, მაშინ მისი სხვისთვის გადაცემა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

შიდსი არის ინფექცია, რომლითაც ადამიანები არ კვდებიან, გვყავს ხანდაზმული ინფიცირებულებიც.

ვინ არიან რისკ ჯგუფი?

ძირითადად ესენი არიან ადამიანები, რომელთაც  აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები ან მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს ინექციური გზით.  ექიმები აცხადებენ, რომ თუ ჩვენ პრევენციის წესებს ზედმიწევნით დავიცავთ, კერძოდ არ გვექნება ხშირი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, არ გამოვიყენებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, თავს დავიცავთ აივ-ით ინფიცირებისგან.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ინფექცია/შიდსზე  გამოკვლევისა და შემდგომი  მკურნალობის კურსს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოვლენის მაღალ მაჩვენებელთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია მკურნალობაში ჩართვის მაჩვენებელიც.  

2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, მეორე ადგილზეა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონი, ხოლო მესამეზე –აჭარა.

შიდსის გამომწვევი ვირუსი მშრალ პირობებში რამდენიმე საათში კვდება, მაგრამ ზოგჯერ 1-3 დღეც ძლებს. ქსოვილოვან კულტურაში იგი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ცოცხლობს, მაგრამ ქიმიური საშუალებებით სტერილიზაციას ექვემდებარება.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ აივ ინფექციის მქონე ადამიანი დაინფიცირების დღიდანაა გადამდები, რადგან ვირუსი ორგანიზმში მოხვედრისთანავე აქტიურ გამრავლებას იწყებს. პათოგენები ყველაზე მეტად გვხვდება სისხლში, თავ-ზურგტვინის სითხესა და სპერმაში.

აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე  84 მილიონზე მეტი ადამიანი  დაავადდა და 40 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.  

მსოფლიო შეთანხმდა,  რომ 1 დეკემბერს აივ ინფექცია შიდსთან  ბრძოლის დღე აღინიშნოს და ამ ბრძოლაში გამარჯვებული თუ დამარცხებული ადამიანები გაიხსენონ.

გახსოვდეთ, რომ შიდსი ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, ჰაერ-წვეთოვანი გზით, საერთო ჭურჭლის გამოყენებითა და მწერის ნაკბენით არ გადადის. 

 

 

დღის ამბები