09 აგვისტო 2026,   21:22
ვრცლად
"კარგია რომ შევთანხმდით - კამიტი არ გამოგვიყენებია. საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე და ეს იყო დეზინფორმაცია" - ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძე საია-ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით იურისტთა ასოციაცია სამართალწარმოებას იწყებს.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, დემონსტრაციების დროს აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებსა და ადმინისტრაციულ შენობებს. შესაბამისად, პოლიციამ მათ წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენა.

"კარგია რომ შევთანხმდით - კამიტი არ გამოგვიყენებია. საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე და ეს იყო დეზინფორმაცია. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, არაერთგზის განვმარტეთ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში, რაც საზოგადოებამ კარგად იხილა, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქცია.

ძალადობრივი აქციის დროს, როდესაც თავდასხმას აქვს ადგილი პოლიციაზე, სახელმწიფო უწყებებზე, პარლამენტის შენობაზე და ა.შ. პოლიციის შესახებ კანონი შავით-თეთრზე განსაზღვრავს, რა საშუალებები შეიძლება იქნას გამოყენებული. ეს არის, როგორც აქტიური ასევე პასიური თავდაცვის საშუალებები, მათ შორის არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ.

რაც შეეხება ბრძანება 10.02-ს არსებობდა ასეთი ჩანაწერი, თუ არ ვცდები 2021 წლამდე, რომლითაც შეზღუდული იყო წყლის ჭავლისა და გაზის ერთობლივად და პარალელურ რეჟიმში გამოყენება.

ვინაიდან ეს არ გამომდინარეობდა კანონის აკრძალვიდან, გავეცანით ასევე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მათ შორის ეუთო/ოდირის სტანდარტებს, ასევე ამნესტის ანგარიშებს. იქ არანაირი შეზღუდვა, რომ ასეთი აკრძალვა უნდა იყოს არ ყოფილა, შესაბამისად, კანონში არის მთავარი პრინციპი განსაზღვრული, რაც არის პროპორციულობით განსაზღვრული, უნდა იქნეს სპეციალური საშუალება და ძალა გამოყენებული იმ პროპორციულობით, რა საფრთხეც არსებობს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები