ესტონეთის ელჩი საქართველოს ზუსტად 24 დღეში დატოვებს და დიპლომატიურ საქმიანობას სომხეთში განაგრძობს. მარგე მარდისალუ კაჰარის ნაცვლად, საელჩოს საქართველოში დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ურთიერთობაა. ვიდრე ოფიციალური ტალინი განმარტებებს გააკეთებს, საქართველოს პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ელჩის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანა საგარეო უწყების პრეროგატივაა.
საქართველოდან სომხეთში ელჩის გაგზავნის გადაწყვეტილება ესტონეთმა მიიღო, თუმცა ოპოზიცია მაინც "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მმართველი გუნდის პოლიტიკამ დააზიანა.
უსამართლო მიდგომები, დაწესებული სანქციები, კანონის გვერდის ავლით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, ომში ჩართვისკენ მოწოდება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა- მმართველი გუნდის ლიდერები ესტონეთის მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ, მათ შორის გასულ წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას და კრიტიკულ გზავნილებს. ამ ფონზე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ოფიციალური ტალინის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ.
ესტონური მედია უკვე წერს, რომ მარგე მარდისალუ კაჰარი სომხეთში საქმიანობას საელჩოს გახსნისთანავე 10 მარტიდან დაიწყებს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებზე ოფიციალურ ტალნს განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ავტორი:ნანა გოგატაძე.