გერმანული მხარე ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, რატომ ავრცელებს ოფიციალურად არასწორ ინფორმაციას? დიპლომატიური უწყება საქართველოს შესახებ წერს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ილია დარჩიაშვილი. ეს იმ ფონზე, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილი გამოდის.
ყოფილები მოქმედების ნაცვლად - ოფიციალური ბერლინის გზავნილი მმართველი გუნდისთვის მკაფიოა - პოლიტიკური პოზიცია, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას აზიანებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თითქმის ორი წელია არ შეუცვლია. თუმცა იგივე რუსეთის მონაცემები ბოლოს, 5 თვის წინ განაახლა. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ფაქტობრივ უზუსტობაზე გერმანული მხარე განმარტებას გააკეთებს - მინიმუმ ელჩის დონეზე.
ნაწილს კი მიაჩნია, რომ დიპლომატიური უწყების პოლიტიკურ გზავნილს დამატებითი ახსნა არ სჭირდება. სწორედ ელჩი ფიშერის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ქართული ოცნება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დროა, გერმანიამ პოზიციები შეცვალოს, რადგან გეოპოლიტიკური გარემო ევროპის კონტინენტზე უკვე იცვლება. საქართველოსთან დაკავშირებული მონაცემები გერმანიის საგარეო უწყებამ ბოლოს 2024 წლის 30 ოქტომბერს განაახლა, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩატარებული იყო.