კითხვები და მიზნები არ შეცვლილა. პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისია ცდილობს დაადგინოს რა იწვევს საქართველოში სამომხმარებლო ფასების სიძვირეს და იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები. სხვადასხვა პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებთან, დღეს, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კომისიაზე დისკუსიის საგანი მრავალფეროვანია. ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რაც მათ საკუთარი პროდუქციის წარმოებისას ექმნებათ. თუმცა დისკუსიის მთავარ განსახილველ თემად კვლავ, ამა თუ იმ პროდუქტზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვის განხილვა რჩება.
კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქსელურ მარკეტების მიერ დაწესებული, პროდუქტის დახლზე განთავსების პირობებია. შექმნილი ბარიერების გამო, კომპანია "ალალის" დამფუძნებელმა დეტალურად განმარტა, რომ პროდუქციის ფასს დაახლოებით 185% ემატება.
პრობლემების იდენტიფიცირება და შემდეგ იმ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების კორექციას და გაზრდის ბიზნესკონკურენციას - საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტული შედეგის მოლოდინშია.
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს მოუსმინეს. ადგილობრივ მეწარმეებთან კიდევ ერთი შეხვედრა, კომისიის ფორმატში, მომდევნო კვირაშიც გაიმართება.