860 ტბა, 26 000-ზე მეტი მდინარე და 43 ხელოვნური წყალსაცავი. გეოგრაფიულ მდებარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს ციფრებიც საკმარისია იმის დასადასტურებლად რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი წყალუხვი ქვეყანაა. კლიმატის ცვლილების გამო სასმელი წყლის ეფექტური მოხმარება დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აწუხებს. სწორედ ამ თემატიკას ეხება ის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. მთავრობის მეთაურმა დღეს საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით ქვეყანა რეგიონში ლიდერულ პოზიციაზეა.
საერთო სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც სიტყვით გამომსვლელებმა ყველაზე მეტი ისაუბრეს. დედაქალაქის მერმა ფორუმის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ თითოეული პროექტი რომელიც წყალმომარაგებისთვის ხორციელდება, მოსახლეობის ინტერესებზე და საჭიროებებზეა მორგებული.
ეკონომიკური სტაბილურობა რომ პირდაპირ კავშირშია ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან მართვასთან, დღეს არაერთხელ აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკვანძო საკითხზე როგორიცაა სატარიფო პოლიტიკა, რეგულირების მექანიზმები და მომსახურების გაუმჯობესება.
წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი თბილისში ორი დღე გაგრძელდება.