09 აგვისტო 2026,   19:52
ვრცლად
გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ლატვია, ესტონეთი... რუსეთთან მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამენ - "ქართულ ოცნება" ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

ორმაგი სტანდარტით სახელისუფლებო პარტიისთვის ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მოქმედებს. მმართველი ძალის წევრების განცხადებით, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების დიდი ნაწილი პრორუსულობაში ადანაშაულებდა, ახლა თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არიან რუსეთთან შუამავლების გარეშე კავშირების მსურველები.

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ლატვია, ესტონეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ლიდერებიც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამენ. მათი ნაწილი მოსკოვსაც კი სტუმრობდა. ევრობიუროკრატების შეცვლილი დამოკიდებულება ოპოზიციისთვის პრობლემა არ არის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თუ ომი დასრულდება, ევროპა რუსეთთან ურთიერთობას განაახლებს, გიორგი გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრეები არიან, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში იქნება.

საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ამბობენ, რომ მიზეზი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკა გახდა, რომელიც ევროპის ინტერესებში არ შედიოდა.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი მაშინ, როდესაც საქართველოსთან ის არ არის აღდგენილი, პრემიერ-მინისტრისთვის კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ სადამდე მივიდა ევროპული სტანდარტი.

ევროპელი ლიდერების ღია განცხადებებამდე გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირში რუსეთთან ოფიციალური მომლაპარაკებლის დანიშვნის შესახებაც აქტიურად საუბრობდნენ.

დღის ამბები