ფასების რეგულირება - პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ოპონენტების პირისპირ - "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გამართული დებატები პოლიტიკური შეფასებების თემაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საჭიროა ჯანსაღი დებატები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ფასების რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ იმ ოპოზიციურ პარტიებშიც, რომლებიც დებატებში მონაწილეობდნენ.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ძალიან საინტერესო დებატები იყო და იმედია ამომრჩეველმა დაინახა განსხვავებული აზრი.
"ძალიან საინტერესო დებატები იყო. მე იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველმა დაინახა განსხვავებული აზრი და თვითონ შეიძლება გამოიტანოს აზრი ვინ იყო მართალი ამ დისკუსიაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთავრობა შეცვლის თავის მიდგომას და ეროვნული ბანკისკენ გადაიტანს ყურადღებას, პრობლემა მართლა მოგვარდება. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე. მილიარდობით ლარი, რომელიც ყოველწლიურად იბეჭდება, ბუნებრივად აუფასურებს ლარს - ეს არის მთავარი მიზეზი", - განაცხად რაქვიაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიზანი არ არის მოსახლეობის შველა.
"ფასები არის გაზრდილი, უმძიმეს მდგომარეობაში არის ჩვენი ქვეყანა, მაგრამ "ოცნების" მიზან არ არის ამ ფასების ნორმალიზება. "ოცნების" მიზანი არ არის ჩვენი მოსახლეობის შველა, რადგან ეს რომ ასე იყოს, ისინი განიხილავდნენ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ მინიმალური ხელფასის შესახებ", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.