ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვას ვაშინგტონი საქმედ კონკრეტულ დროში აქცევს. პირობა მიხეილ ყაველაშვილმა მარკო რუბიოსგან პირადად მიიღო. ორი დღის განმავლობაში გამართულ ორ შეხვედრაზე, სადაც ქვეყნის მთავარსარდალი მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა, ითქვა გაცილებით მეტიც. სახელმწიფო მდივანმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის ნეგატიური დამოკიდებულება და ქმედებები არარეალური და შეუსაბამო იყო, 46-ე პრეზიდენტის პოლიტიკურ შეცდომებს კი 47-ე გამოასწორებს.
ხანგრძლივი, საქმიანი და პოლიტიკური გზავნილებით დატვირთული შეხვედრების შემდეგ, თბილისი ვაშინგტონის კონკრეტული ნაბიჯების მოლოდინში და შემხვედრი გადაწყვეტილებების სამზადისშია. საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანა აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზება, მთავარი მიზანი კი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებაა სუფთა ფურცლიდან - "ქართული ოცნების" ხელისუფლების სათქმელი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის პირველმა დიპლომატმაც გადასცა.
სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც. თუმცა, მეორე მხრივ, ეჭვქვეშ აყენებენ შემდგარ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში შტატების პოზიტიური პოლიტიკური გზავნილებით დაბრუნდნენ.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობაზე თამამად საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებაზე პასუხისმგებელი სწორედ ტრამპის წინამორბედი და მისი პოლიტიკაა, რომელიც, სახელმწიფო მდივნის პოზიტიური გზავნილების შემდეგ, თვისებრივად უნდა შეიცვალოს.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების გაცხადებული მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგენაა. მთავრობის მეთაურს ამ თემაზე შეკითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს.
საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების განახლების პირობა მიხეილ ყაველაშვილს ჯეი დი ვენსმაც მისცა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ ვაშინგტონი თბილისის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს და მალე მოქმედებაზეც გადავა.