მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო. რატომ არ სურდათ თსუ-თან გაერთიანება - პრემიერ-მინისტრმა მათი არგუმენტები მოისმინა. თითქმის 3-საათიან შეხვედრაზე გადაწყდა ისიც, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა.
პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ხვალიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, განათლების მინისტრის ინფორმაციით, აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება იქნება.
პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები. პროფესორ-მასწავლებლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მეთაურმა მოუსმინა და მათი არგუმენტები გაითვალისწინა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კონსტრუქციულად და პროდუქტიულად შეაფასა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმაც. დავით გურგენიძის თქმით, მთავრობის მეთაურმა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტების მიერ წამოჭრილი საკითხები გაითვალისწინა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება შეაფასეს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ჯაბა სამუშიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება დიალოგის საფუძველზე მიიღო.
პრემიერი ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელს მაქსიმალურ ზრუნვასაც დაჰპირდა. ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა საუნივერსიტეტო სისტემაში კადრების თვალსაზრისით არსებულ დეფიციტზეც. პარალელურად, პრემიერმა ისაუბრა განათლების რეფორმაზეც და აღნიშნა, რომ კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, კომპრომისების გარეშე განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში, თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროფესორ-მასწავლებლების არგუმენტები რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმაც მოისმინა. 10 დღის განმავლობაში კი შეხვედრები მინისტრის მოადგილესთან განათლების სამინისტროში იმართებოდა.