უდიები - მცირე ეთნიკურიჯგუფი საქართველოში საკუთარი ენითა და დამწერლობით.
უდიები კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. საქართველოში გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოსახლდნენ, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს, რომელსაც არაერთი ადამიანი შეეწირა.
მაშინ ქრისტიანმა უდებმა აზერბაიჯანიდან, კერძოდ, სოფელ ვართაშანიდან სიცოცხლის გადასარჩენად ქრისტიანულ საქართველოს მოაშურეს. სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა წელია მითითებული, მაგრამ ისინი საქართველოში 1920-22 წლებში ჩამოვიდნენ.
უდიების ისტორიული საცხოვრებელი ადგილი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, ძველი ალბანეთი (მთიანი მიწა).
ამ სამეფოში რამდენიმე ტომი ცხოვრობდა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტომი სწორედ უდიებისა იყო. მათმა დიდმა ნაწილმა მოახერხა, რომ საუკუნეების განმავლობაში შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა, უდიური ენა, კულტურა და ტრადიციები.
უდიები ქრისტიანობის მიმდევრები არიან (სომხური სამოციქულო ეკლესია და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია). საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზინობიანში დასახლდენენ. ისინი აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ სოფელ ვართაშენსა (დღევანდელი ოღუზი) და ნიჟში.
უდიელები ჯერ კიდევ ძველ ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებოდნენ. მიიჩნევიან კავკასიის ალბანეთის შთამომავლებად. მკვლევართა აზრით, მსოფლიოში დაახლოებით 8500–მდე უდი ცხოვრობს - საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე.
(უდი ქალი ვართაშენიდან, 1883)
მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოსახლდნენ, ქვეყანაში დაარსდა "ქართველ უდინთა დამხმარე საზოგადოება", რომლის გამგეობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი. პირველ საორგანიზაციო კრებაზე, 1923 წელს, ზინობი სილიკაშვილი მადლობას უხდიდა ქართულ საზოგადოებას თანადგომისთვის" - წერდა 1925 წლის 25 აგვისტოს გაზეთი "კომუნისტი".
საქართველოში უდების წინამძღოლად იქცა ზინობი სილიკოვი (სილაკაშვილი). კახეთში, ზინობიანში, სოფლის სახელიც მათი ლიდერის სახელს უკავშირდება. კახეთის ამ სოფელში დღემდე მხოლოდ უდიების შთამომავლები ცხოვრობენ.
საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სოფელს სახელი შეუცვალეს და ოქტომბერი დაარქვეს. 2010 წელს კი ძველი სახელი დაუბრუნდა. უდების გადმოსახლებამდე დიდი ძებნის მერე შეირჩა ტყიანი ადგილი, მთის ძირას, ყვარელში, სადაც პირველი მიგრანტები დასახლდნენ. რომ ჩამოსულან, გვიანი შემოდგომა ყოფილა და იძულებული გამხდარან, მიწა გაეჭრათ და მიწურები გაეკეთებინათ.
(ზინობი სილიკაშვილი ოჯახთან ერთად)
1938 წელს ზინობი სილიკაშვილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა: დააპატიმრეს ბრალდებით, რომ "იყო მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას". ზინობი სილიკაშვილს 11 ოქტომბერს დახვრეტისა და პირადი ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანეს, 16 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს და დახვრიტეს. სწორედ იმ დროს დაერქვა სოფელ ზინობიანს ოქტომბერი. წლების მანძილზე უდიური თემი სულ უფრო ადაპტირდებოდა ქართულ საზოგადოებასთან.
საქართველოში ჩამოსულებმა ერთ-ერთ მთაზე ვართაშანიდან წამოღებული ნიში დადგეს. პირველი წლები სწორედ სახელდახელოდ აშენებულ მიწურებში გაატარეს. ხელისუფლებამ მიგრანტებს 1924 წელს გამოუყო მიწა სოფლის ასაშენებლად. ზინობთან ერთად მთელი თემი იყო ჩართული და სოფლის შენებაც დაიწყო: გაიყვანეს პარალელური ქუჩები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, დაარსდა კოლმეურნეობა, დაფუძნდა რამდენიმე საწარმო. სოფლის დაარსებიდან რამდენიმე წელში უკვე გაჩნდა: სკოლა, საბავშვო ბაღი, აბრეშუმის, აგურის, კრამიტის, ხის სახერხი, ღვინის ქარხნები.
უდიებს საკუთარი ენა და დამწერლობაც აქვთ, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი.
უდიები აბრეშუმისა და აგურ-კრამიტის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. დღეისათვის საქართველოში 300-მდე უდიაა რეგისტრირებული, მათი სურვილია საზოგადოებამ დაკარგვის პირას მყოფი ერის შესახებ მეტი გაიგოს, მათი ენა კი გაქრობას გადაურჩეს.
უდიებს ჯერ კიდევ ისტორიულ სამშობლოში მისდევდნენ მევენახეობას. ეს საქმე საქართველოშიც განაგრძეს, აყენებდნენ ღვინოს, ჰქონდათ მარნები და ქვევრები.
ქართველებსა და უდიებს საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ: სარწმუნოება, ღვინის დაყენების ტრადიცია, რიტუალები.
ჰქონდათ საკმაოდ საინტერესო ქორწილის ტრადიცია. დღევანდელი უდიური სიტყვა: ლაშკო, ქართულად ნიშნავს ქორწილს.
ფოტოებზე უდიური ქორწილია აღბეჭდილი. ყურადღებას იქცევს ხონჩებით (ტაბაკებით/ლანგრებით) ცეკვის ტრადიციის ამსახველი ფოტოები.
(ფოტოებიკაკულაშვილებისფოტოარქივიდან)
უდიური თემი, დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია, მაგრამ მათ შესახებ მაინც ბევრი არაფერი ვიცით.
ზინობიანელი უდიები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა, აზერბაიჯანში დარჩენილი უდიების ნაწილი, თავს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მიაკუთვნებს.
როგორც კავკასიის სხვა ხალხები, უდიებიც უაღრესად სტუმართმოყვარენი არიან. ტრადიციულია ასაკით უფროსისადმი, მოხუცისადმი პატივისცემა და მოწიწება.
უდიელთა წინაპარ ალბანელებში ამ წეს-ჩვეულების შესახებ ბერძენი გეოგრაფი სტრაბონიც წერდა: "ალბანელები მოხუცებულობას მეტისმეტად სცემენ პატივს, არა მარტო თავისი მშობლებისას, არამედ სხვებისასაც". სტუმართან სუფრაზე ვაჟი არ ჯდებოდა. ის სუფრის სიახლოვეს ტრიალებდა და ემსახურებოდა. ქალები კაცებთან ერთად არ სადილობდნენ. მეზობელთან ან სტუმრად წასვლისას, ქალს ქმრისგან აუცილებლად ნებართვა უნდა მიეღო.
სამოსი
უდი მამაკაცის ტრადიციული სამოსია შარვალი, ჩოხა და ახალუხი, ტყავის ან ვერცხლის ქამრით, ფეხსამოსი — ჩექმა ან ტყავის ქალამანი, თავსაბურავი - ცხვრის ბეწვის ქუდი - "ფაფახი" ან "დინგა" (ყაბალახის მსგავსი).
უდი ქალის ტანსაცმელი შედგებოდა გრძელი პერანგისგან ("გურატ") და მიწამდე დაშვებული ფართო, წითელი შარვლისგან ("ხოლოხ"). მის ზევით იცვამდნენ თეძოებიდან ნაოჭასხმულ, ახალუხის მსგავს "კავაის", გრძელი, მუხლებამდე დაშვებული, ვერცხლის ღილებითა და მონეტებით მორთული, ბოლოებჩაჭრილი სახელოებით. "კავაის" შალის ნაჭრით ან ვერცხლის ქამრით იკრავდნენ. "კავაის" ქვემოთ ატარებდნენ წინსაფარს, რომელიც მკერდს ზემოთ იწყებოდა და მუხლებთან მთავრდებოდა. ახალგაზრდების "კავაი" ღია ფერისა იყო, ხანდაზმულებისა - მუქი.
ფეხზე იცმევდნენ ქოშებს ("ლალაკანი"). თავსაბურავი მრავალფეროვანი ელემენტებისგან შედგებოდა: შავი მოსახვევის ("მაცნ ჩარაგატ") ზემოდან პერანგის ბოლომდე ეშვებოდა წითელი ფერის ჰაეროვანი ქსოვილი, ხოლო მოსახვევის ქვემოდან, თავის ორივე მხარეს, ყურს ზემოდან, მკერდზე ვერცხლის მონეტებით, მარგალიტებითა და სხვა თვლებით მორთული ქსოვილი.
ქალი ქორწინებისას სახეს იბურავდა "იეშმაღით", რომლის ქვემოდან მხოლოდ ცხვირი და თვალები უჩანდა. "იეშმაღი" ქალს მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა.
დროთა განმავლობაში შეიცვალა მათი ჩაცმის სტილიც და სრულიად გაქრა ქალის მიერ თავსაბურავის ტარებისა და სახის ქვედა ნაწილის დაფარვის ტრადიციაც.
დაკრძალვა
ადამიანის გარდაცვალებისთანავე მის დასატირებლად განსვენებულის ოჯახში ახლობელ-ნათესავები იკრიბებოდნენ. განბანვისა და ზიარების შემდეგ მიცვალებულს ეზოში გამოასვენებდნენ და სპეციალურად გამზადებულ კიბეზე ("სალაპა") დაასვენებდნენ. მღვდელი მიცვალებულს გულზე დაადებდა ჯვარს, რომელსაც ყველა იქ მყოფი ეამბორებოდა და ფულსაც დებდა. მიცვალებულს კიბითვე მიასვენებდნენ ეკლესიაში და იქ ტოვებდნენ. მეორე დღეს, ლიტურგიის შემდეგ, მიცვალებულის გარშემო ქალები დასხდებოდნენ და დაიტირებდნენ. ერთ-ერთი მოტირალი ქალი ჩამოთვლიდა მიცვალებულის ღირსებებს, სხვები კი უსიტყვოდ მოთქვამდნენ. დასაფლავების შემდეგ კაცებიც გარდაცვლილის ოჯახში მიდიოდნენ ქელეხზე ("ფათარაკ"). "ფათარაკს" შვიდჯერ იხდიდნენ.
ერთ-ერთი დიდი ერის მემკვიდრედ უდიების მცირერიცხოვანი ეთნოსი შემორჩა. კახეთში ჩასახელებული უდიელების მემკვიდრეები დღემდე ცდლობენ არ დაკარგონ ადათ–წესები და მშობლიური ენა.