არეულობა, ძალადობა, რადიკალიზმი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა საქართველოს უახლესი წარსულისთვის კარგად ნაცნობი პროცესებია. არჩეული ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა კი მშვიდობას ირჩევს, ამიტომ ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სუვერენიტეტის დაცვის, გამჭვირვალობის, ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენისა და დაფინანსების პრევენციის მიზნით, პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს. "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები და მისი თანმდევი კანონპროექტები კანონმდებლებმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს.
7 კანონში ცვლილებების შეტანის ერთადერთი მიზანი უცხოური გავლენის, ინტერესებისა და ფინანსებისგან საქართველოს დაცვაა, რაც ერთმნიშვნელოვნად არ მოსწონს საპროტესტო აქციების ავანგარდში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას". მიხეილ სააკაშვილის გუნდი მოქალაქეებს ისევ ქუჩაში გასვლას სთხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ტყუილია - ამბობს კანონპროექტის წარმდგენი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი არა მოქალაქეების დასჯა, არამედ უცხოურ ფულთან დაკავშირებით გამჭვირვალობაა. ამას ემსახურება გარე ლობიზმის სისხლის სამართლის წესით დასჯა და პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების 8 წლიანი შეზღუდვაც, პირისთვის, ვინც უცხოური ძალის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს, რისი მაგალითიც არაერთია.
უცხოური დაფინანსების ადრესატები ძირითადად საქართველოში მოქმედი ენჯეოები არიან. ამას ადასტურებს სლოვენიელი პოლიტიკოსის, მარტა კოსის განცხადებაც.
ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ღიად თქვა, რომ ევროკავშირში თანხები მოძიებული და გაორმაგებულიც კია, თუმცა ეძებენ გზას, რომლითაც მთავრობის კონტროლის გარეშე ქართულ ენჯეოებს უცხოურ დაფინანსებას გადასცემენ.
მარტა კოსი ერთადერთი არ არის, ვისაც ქართული ენჯეოების დაფინანსება მთავრობის გვერდის ავლით სურს. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებებით, ე.წ. შავ ხვრელები პრაქტიკულად აღარ რჩება ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით უცხოური ფულის შემოსატანად.
ცვლილებების შინაარსი საპარლამენტო ოპოზიციამ ისევ სხვაგვარად გაიგო. გახარიას პარტია მაინც ამტკიცებს, რომ შეზღუდვები შეეხება ყველას, ვინც აზრს საჯაროდ გამოხატავს.
სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ეს ინფორმაცია სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის კიდევ ერთი სპეკულაციაა. ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვები არა კონკრეტულ ბიზნესმენებს, კომპანიების მფლობელებს ან ინდივიდუალურ - მცირე მეწარმეებს, არამედ მხოლოდ კომპანიებს -იურიდიულ პირებს ეხებათ, ვინც სამეწარმეო საქმიანობის პარალელურად პოლიტიკურ აქტივობებში ჩაერთვებიან.
ოპოზიციის კიდევ ერთი ნარატივი, რომ დასჯადი ხდება ემიგრანტებისაგან თანხის გადმორიცხვა, მმართველი გუნდი დეზინფორმაციას უწოდებს.
ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ახალი კანონმდებლობით საქართველოში მოქმედი ენჯეოები და პოლიტიკური პარტიები ვეღარ მოძებნიან გზებს უცხოური დაფინანსების მისაღებად, ვეღარ გაატარებენ სხვა ქვეყნების ინტერესებს და ვერც არეულობის მოწყობას შეძლებენნ. "გრანტების შესახებ" და თანმდევ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები ერთადერთ პრინციპს ეფუძნება - ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რას ემსახურება უცხოური ფინანსები, რომელიც საქართველოში შემოდის.