22 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
მოგზაურობა პორტუგალიაში - ქვეყანა, სადაც ევროპის კონტინენტი მთავრდება

დაბადებით ზღვაოსანთა ქვეყანაში ჩასულებს, ჩვენც მისი თავიდან აღმოჩენა გვინდება. აქ გახსენდება ვასკო და გამა, რომელმაც შორეულ წარსულში ამ ოკეანის გადაცურვა შეძლო და ინდოეთიც აღმოაჩინა. შუა საუკუნეებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეგონათ, რომ ატლანტის ოკეანის ფსკერზე ურჩხულები ბინადრობდნენ.

კაბო დე როკა - ტურისტების საყვარელი ადგილია. იღებენ ფოტოებს და ოკეანის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.

ლისაბონის გარეუბანში ეს სკულპტურა რიოს ქანდაკებას 10 მეტრით ჩამორჩება. პორტუგალია იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საომარ მოქმედებებს გადაურჩა. ადგილობრივებმა ღმერთს მადლობა ამ ფორმით გადაუხადეს.

ქრისტეს ქანდაკება კარგად ჩანს 25 აპრილის ხიდიდანაც. პორტუგალიის დედაქალაქს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან რომ აკავშირებს.

ლისაბონი - ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი, თანამედროვე არქიტექტურით, ფერადი შენობებითა და მავრიტანული სტილის მიხვეულ-მოხვეული მთაგორიანი, ვიწრო ქუჩებით. სახლები პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით - აზულეჟუთი.

შორეული მეზღვაურების ქვეყანაში - ეს გორაკებზე გამავალი ყვითლად შეღებილი ტრამვაი ქალაქის სიმბოლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არის და ტურისტული ატრაქციონიც.

ამ მდინარისპირა ქალაქში ყველგან მაინც ზღვის სუნია. ოქროსფერი სანაპიროები ზამთრის დღეებშიც სერფინგის მოყვარულების საყვარელი ადგილია

ევროპის განაპირა ქვეყანაში, წლების წინ ერთი ცნობილი ქველმოქმედი ცხოვრობდა. ლისაბონში, სადაც გაიხედავთ, ყველგან შეგხვდებათ მისი სახელობის ძეგლი, საავადმყოფო, სკოლა ან საქველმოქმედო ორგანიზაცია. ბრიტანელ-სომეხი ბიზნესმენი კალოსტ სარქის გულბენკიანი. ის იყო პირველი ბიზნესმენი, რომელმაც ერაყის ნავთობის გამოყენება შეძლო და ის ხელმისაწვდომი გახადა დასავლეთისთვის. გულბენკიანმა პორტუგალია სიღარიბეს გადაარჩინა. ქალაქის შუაგულში მისი სახელობის მუზეუმი დგას, რომელსაც ახლა რეაბილიტაცია უტარდება. სწორედ ამ მუზეუმშია დაცული ხალიჩების უნიკალური კოლექცია, მათ შორის ქართული ხალიჩების.

პორტუგალიელებს ქართული კერძებითა და ღვინით ეს კაცი მასპინძლობს. რამდენიმე ათეული წელია ემიგრანტი რომ არის და პორტუგალიაში ცხოვრობს. შეფ-მზარეულია და აქვს თავისი რესტორანიც.

პასტელ დე ნატა - ამ ცნობილი პორტუგალიური ტკბილეულის რეცეპტი ლეგენდის თანახმად, ადგილობრივებს მონასტრის კათოლიკე ბერებმა გაანდეს. ფენოვანი ცომისგან გამომცხვარი კალათები კვერცხის კრემით ამ ქვეყნის სიმბოლოდ იქცა.

ეს ბავშვი გაიზრდება და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი - კრიშტიანუ რონალდუ გახდება. მერე თამაშს ამ სტადიონზე დაიწყებს და მსოფლიო ფეხბურთიც პორტუგალიური აქცენტით ალაპარაკდება. კურიერი პ.ს. ის ობიექტივში სტადიონის მუზეუმიც მოხვდა.

ფადუ - პორტუგალიურ ენაზე ეს სიტყვა ბედისწერას ნიშნავს, ამ ტრადიციული კომპოზიციის გარეშე, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სამყაროს განაპირა ქვეყნის გაგება თითქოს შეუძლებელია. ქვეყნის, რომლისთვისაც დიდი თუ პატარა აღმოჩენები მუდამ თანმდევია, ყოველი დღე კი თავგადასავალი.

დღის ამბები