ორი წელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - გზა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო, გაბედული გადაწყვეტილებებით გაგრძელდა და დასახულ, მთავარ მიზნებს ემსახურება: ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყნის განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა.
მაშინ როცა, დრო სირთულეებით იზომება და არა მხოლოდ კალენდრით, 730 დღე შედეგების დასანახად, საკმარისი პერიოდია. ლიდერის ნამდვილი თვისებები კრიზისში ჩანს - კრიზისული პერიოდია 2024 წლის დასაწყისიც არა მხოლოდ პატარა ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ ტურბულენტურ პოლიტიკურ ვითარებაში, პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, პრემიერ-მინისტრის პორტფელს ირაკლი კობახიძე იბარებს. კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. პოლიტიკოსს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი გამოცდილებით და დიდი გეგმებით გადაინაცვლა, "ქართული ოცნების" გუნდი სრულ ნდობას უცხადებს.
რთული გეოპოლიტიკური ვითარება, შიდა და გარე გამოწვევები, ეკონომიკური მაჩვენებლები, სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება, არჩევნები და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა, მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე მშვიდობის შენარჩუნება - ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დასაცავია!
საგარეო და საშინაო გამოწვევების ფონზე, მთავრობის მეთაური, სამთავრობო გუნდთან ერთად, ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე მუშაობას იწყებს. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სახელდება. ძალისხმევას არც შედეგები აყოვნებს და ზუსტი მეცნიერება, ციფრებში არაერთ ისტორიულ რეკორდსაც აჩვენებს - ქვეყანაში მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა.
2025 წელი ისტორიული შედეგით დასრულდა - ქვეყნის ეკონომიკა, ისტორიაში პირველად, 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეკონომიკას ინვესტიციები და განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო აძლიერებს... და როცა ისტორიულ რეკორდებზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვყოთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია - 6-ნახევარ მილიარდ დოლარიან შეთანხმებას "ემაარ ჯგუფთან" ხელი, ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს ეწერება.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება- პრემიერ-მინისტრი მთავრობის პრიორიტეტად პროდუქტებზე ფასების შემცირების საკითხს ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად, ბიზნესის თავისუფლებას აცხადებს, საჭიროა ფრთხილი პოლიტიკა. ამიტომ, მუშაობის პროცესი ბიზნესთან თანამშრომლობით იწყება. მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით სამოქმედო გეგმა იწერება. სურსათი, მედიკამენტები, საწვავი – ყველა თანხმდება, რომ ფასების შემცირებისთვის სივრცე არსებობს.
პრემიერ მინისტრი უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს და განათლების სისტემურ რეფორმას წარადგენს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო ხდება. სიახლეებია ზოგადი განათლების სისტემაშიც - ერთი და იგივე სახელმძღვანელოები საჯარო და კერძო სკოლებისთვის, ფორმები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, მობილური ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვა, სურვილის შემთხვევაში სწავლების 11 წლიანი საფეხურის არჩევა- ცვლილებების მიზნად ხარისხიანი განათლების მიღება სახელდება. დაწყებულმა რეფორმებმა კი საბოლოოდ, ქვეყანას განათლების მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი უნდა დაუმკვიდროს.
განათლების რეფორმასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა, არსებული შენობების განახლება და თანამედროვე სტანდარტებში მოქცევა. მთავარ ამოცანად სახელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, რასაც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ბავშვისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობა განაპირობებს. მაქსიმალურად გამჭვირვალე, მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა - ეს ის მთავარი პრინციპია, რომელსაც, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს. უმსხვილესი პროექტი - სარფის გვირაბის მშენებლობა, თბილისი-ბათუმის უწყვეტი მაგისტრალური გზა, შემოვლითი გზა გუდაურამდე - წინ კიდევ ბევრი გეგმა და პროექტია.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუმჯობესებულ გარემოს, უსაფრთხოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს - მათ შორის ქვეყანამ უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა ნარკოდანაშაულს, უკანონო მიგრაციას და ორგანიზებულ დანაშაულს. წარმატებას შედეგებიც მოწმობს - გასული წელი რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის უპრეცედენტო მაჩვენებლით დასრულდა - საქმეების 70% გახსნილია. გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც.
უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება ჯანდაცვის სფეროც. 2026 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, მთავარი აქცენტი სწორედ ჯანდაცვის მიმართულებასა და სოციალურ პროგრამებზე კეთდება. სერვისების ხელმისაწვდომობა, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისა და მედიკამენტების დაფინანსება, ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვა, რეფორმა ნარკოლოგიის მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა - ორი წლის წინ დასახული მიზნები, მომავალშიც პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება.
გამოწვევებით სავსე ორი წელი - რთული გეოპოლიტიკური ვითარება და მსოფლიო რომელიც ახალ წესრიგს ადგენს. საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი - გარე ჩარევების ეპიცენტრი ხდება. გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება. პატარა ქვეყანა დიდი წარსულით, თანმიმდევრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს. პარტნიორებს კი სამართლიან მიდგომას სთხოვს.
საქართველოს ევროინტეგრაცია - საკითხი, რომელიც ქვეყნის შიგნით ვნებათაღელვის თემად იქცა, "ქართული ოცნების" დღის წესრიგია. კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც ქვეყნის უზენაეს კანონში კონსტიტუციის ავტორმა, ირაკლი კობახიძემ ჩაწერა ისევ მთავარ მიზნად სახელდება.
ევროინტეგრაცია ერთ-ერთია, თუმცა წინ კიდევ ბევრი ამბიციური გეგმაა, რომლის განხორციელებასაც სამთავრობო გუნდი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აპირებს. ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად თანმიმდევრული პოლიტიკა სახელდება. რომლის მთავარი კომპონენტი კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაა.
როგორ განვითარდება საქართველო მომდევნო წლებში? - საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. 11-წლიან სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს დაეთმობა. დაისახება მიზნები, რომლებსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.
ნდობა, რომელსაც გუნდი ირაკლი კობახიძეს უდასტურებს, წარსულში გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ შედეგებს ეფუძნება. პროფესიით იურისტის პოლიტიკური გზა 2015 წლიდან იწყება - "ქართული ოცნება" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგენს, ერთ წელში პარლამენტის თავმჯდომარე ხდება და საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა იწყება. გავა დრო და კონსტიტუციის ავტორს, ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოშიც მოუწევს, თუმცა იქამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაა, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძეს ანდო. პოლიტიკასთან ერთად, სამართლის დოქტორი აკადემიურ საქმიანობასაც აქტიურად განაგრძობს. ირაკლი კობახიძის კარიერა ბევრ რეგალიას ინახავს. 730 დღის წინ კი კალენდარზე მთავრობის მეთაურის თანამდებობა მოინიშნა.