08 ივნისი 2026,   11:21
ვრცლად
კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები, კალიბრის სანადირო თოფები, ასეულობით ვაზნა, ათეულობით მჭიდი, 4 ხელყუმბარა - ეს ყველაფერი პოლიციამ 40-მდე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო, დაკავებულია 39 პირი

ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღები, ასეულობით ვაზნა, ათეულობით მჭიდი და 4 ხელყუმბარა, პოლიციამ 40-მდე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო. საპოლიციო ღონისძიებები თბილისში და რეგიონებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულია 39 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები დაკავებულებს საცხოვრებელ სახლებში და დამხმარე სათავსოებში ჰქონდათ დამალული. აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სათავსოებში საგულდაგულოდ ინახავდნენ სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებსაც. ნივთმტკიცებები პოლიციამ ამოიღო.

რა მიზნით შეიძინეს დაკავებულებმა ცეცხლსასროლი იარაღები და რატომ ინახავდნენ მათ სამალავებში - ამ კითხვებზე პასუხს უახლოეს პერიოდში გამოძიება გასცემს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ყველა საპოლიციო ღონისძიება ახალი დანაშაულის პრევენციაა - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. სპეციალურ ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება დანაშაულის სტატისტიკაზეც გაამახვილა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებებმა შედეგები გააუმჯობესა - 2025 წელს პოლიციამ რეგისტრირებული საქმეების 70% გახსნა.

გაუმჯობესებულ სტატისტიკაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამართალდამცველების ეფექტურ მუშაობაზე ყურადღებას მმართველ გუნდშიც ამახვილებენ.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

დღის ამბები