უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ევროპის საბჭო ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. გენერალური მდივნის ინიციატივით, მინისტრთა საბჭომ ანგარიში შეიმუშავა. კანონმდებლობამ უცხოური გავლენები უნდა შეამციროს. ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მოსაზრებები უკვე გაუგზავნა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭო ახლა ზუსტად იგივე ნაბიჯებს დგამს, რის გამოც ბრიუსელი საქართველოს ამ დრომდე აკრიტიკებს და უკვე ევროპის საბჭოც აღიარებს, რომ პრობლემა რეალურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს.
პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროკომისიასა და ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია ქართულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და არანაირ პოზიტიურ ჭრილში ისინი ამას არ უყურებენ.
"როგორ შეიძლება, ეს ევროპული პრაქტიკა იყოს. ევროპაში შეიძლება კონკრეტული ანგარიშვალდებულების მექანიზმზე მუშაობდნენ. ევროკომისიასა და ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია ქართულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და არანაირ პოზიტიურ ჭრილში ისინი ამას არ უყურებენ. რაც შეეხება ევროკავშირში, სხვა ნებისმიერ ქვეყანაში თუ ინსტიტუციაში მიმდინარე პროცესს, ეს არის კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება იმისთვის, რომ იქ უფრო ანგარიშვალდებული იყოს კონკრეტული ინსტიტუციები და ქვეყნები", - განაცხადა ფავლენიშვილმა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, გამოცდილების გაზიარების მოთხოვნა, სავარაუდოდ, ევროსაბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის არის გაგზავნილი.
"არ არის ეს იგივე კანონი, მთავარი არის კანონის მიზანი. ჩვენ მიმართ თუ იყო კრიტიკა, კრიტიკა იყო იმიტომ, რომ "ოცნებას" სხვა მიზნები აქვს. თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაახლოებით ანალოგიური ტიპის კანონებზე მსჯელობენ, შეცვლილ და ძალიან არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში თუ ქვეყნები უფრო აქტიურად ფიქრობენ, როგორ დაიცვან საკუთარი სახელმწიფო უცხო ძალისგან, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება გამოცდილების გაზიარებას, ეს მოთხოვნა, სავარაუდოდ, გაგზავნილია ევროსაბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.