კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ მიმართულ საჯარო მოწოდებებს, "ქართული ოცნება" ახალი სამართლებრივი რეგულაციებით მალე უპასუხებს. სუვერენიტეტის დაცვა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება სახელმწიფოსთვის - ამ ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ, კოორდინირებულ სქემაში ჩართული თითოეული ადამიანის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
პირს, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. სახელმწიფო სტრუქტურების არალეგიტიმურად გამოცხადების შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მოამზადებს. შესაძლოა ეს იყოს ბერლინის მაგალითიც, სადაც გასულ წელს, ექსტრემისტული მოძრაობა “რაიხსბურგერები” აკრძალეს და მათი 5 წარმომადგენელი დააკავეს. მოძრაობის ლიდერი თავს მეფეს უწოდებდა, ბოიკოტს უცხადებდნენ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, არ აღიარებდნენ მათ ლეგიტიმურობას, ქმნიდნენ პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს და აცხადებდნენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება.
არის თუ არა რევოლუციის წინაპირობა კონსტიტუციური ორგანოების არცნობისკენ მოწოდებები? - საფრთხეს, რომელსაც ხელისუფლება რეალურად მიიჩნევს, ვერ ხედავს ოპოზიცია. ამტკიცებენ, რომ ახალი სამართლებრივი ნორმის მიზანი, განსხვავებულ აზრზე ზემოქმედებაა.
ოპონენტებს, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს. მმართველი ძალა ამბობს, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც სახელმწიფოს, კონსტიტუციასა და მოქალაქეების უმრავლესობის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს და ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების არ ცნობის, ან დაუმორჩილებლობის გამო, მკაცრი ზომები მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში.