პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადრესატი შვედი კოლეგა - გუსტავ გოტბერგია, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას უპასუხა და შვედეთში არსებული მძიმე კრიმინალური მდგომარეობა უარყო.
შვედეთი, ირაკლი კირცხალიამ, 3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე სხდომაზე ახსენა. სწორედ შვედეთია ის სახელმწიფო, რომელმაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს
მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ერთ-ერთი ინიციატორი გახდა. უცხო ქვეყნის ეს შეშფოთება, "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება და მისი მიზანი საქართველოს დისკრედიტირებაა. ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო ტრიბუნა შვედეთში არსებული მძიმე კრიმინოგენური და ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკისთვის გამოიყენა. კრიტიკით უპასუხა შვედმა დეპუტატმაც.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შვედი პარლამენტარი მიკერძოებულია. ქართული ოცნების წევრებს არგუმენტად უცხოელი კანონმდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტებიც მოჰყავთ. კერძოდ: გუსტავ გოტბერგი, რომელიც შვედეთში მმართველი პარტიისა და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრია იმ ენჯეოს ბორდში ირიცხება, სადაც შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტიც არის. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში "ევროპულ საქართველოსთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობდა". ფონდის გვერდზე იძებნება 2023 წლის 1 თებერვალს ჩატარებული სემინარი, სახელწოდებით - "რატომ არ მიანიჭეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი?", სადაც მომხსენებლები სერგი კაპანაძე, ზურა ჭიაბერაშვილი და თორნიკე გორდაძე იყვნენ. მოდერატორი კი ანა მარია ბილდტი - კარლ ბილდტის მეუღლე. ამავე ფონდს რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული ნიკა მელიას დაკავებასა და გათავისუფლებაზე. ტექსტში ნიკა მელიას და ბიძინა ივანიშვილის სახელ გვარების შეცდომით დაბეჭდვა, მმართველი გუნდისთვის იმის დადასტურებაა, რომ შვედურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არა ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა, არამედ კონკრეტული ტექსტების გამოქვეყნებით დავალება ისე შეასრულა, რომ საერთოდ არ იცნობდა ტექსტის შინაარსს.
შვედი პარლამენტარის იქსის გვერდზე 2025 წლის 7 აპრილით დათარიღებული კიდევ ერთი საინტერესო პოსტი იძებნება. მაიამის უნივერსიტეტში მიმდინარე პანელზე გუსტავ გოტბერგი ზურა ჭიაბერაშვილთან და ოლექსი გონჩარენკოსთან ერთად იმყოფება. საქართველოს ხელისუფლების წევრები უკრაინელი პოლიტიკოსის იმ განცხადებას იხსენებენ, როდესაც გონჩარენკომ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით გასეირნება შესთავაზა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სერიოზული განხილვის საგანი ვერ გახდება იმ პოლიტიკოსის განცხადებები, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნე პირებთან აქტიურად თანამშრომლობს.
გუსტავ გოტბერგი შვედეთში moderate youth party-ს წევრია. პარტიის, რომელმაც ქართველ დემონსტრანტებს თავისუფლების პრიზი გადასცა.