14 აგვისტო 2026,   04:22
ვრცლად
"თუ რეალური დებატების გამბედაობა გაქვთ, კიდევ ერთხელ გიწვევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ" - გიორგი შარაშიძე საპარლამენტო უმრავლესობას

"რუსთავი 2-ის" ეთერში გამართული დებატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც განიხილეს. თემაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

დებატებში მონაწილეობაზე ორდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, უარი განაცხადა გახარიას პარტიამ, რომელმაც საკუთარი პირობები წამოაყენა. სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერი კოლეგები სესიაზე მწვავედ გააკრიტიკეს. დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, თუ მმართველ გუნდს რეალური დებატების გამბედაობა აქვს, ისინი მზად არიან, ნებისმიერ თემაზე ჩაერთონ დებატებში.

"თუ ჩვენი მონაწილეობით დებატი გაინტერესებთ, მაშინ ერთ რამეს გაგახსენებთ: ბატონი გიორგი გახარია, ქალბატონ თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ და მერე მიხვდებით, როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში, თქვენსავე მოედანზე, გიორგი გახარიამ, მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა სიმართლე. სწორედ ამ პირწმინდად წაგებული დებატების მერე გახდით იძულებული, მის მიმართ, გაუგებარი მოტივით და მიზეზებით სისხლის სამართლის საქმეები აღგეძრათ. თუ რეალური დებატების გამბედაობა გაქვთ, კიდევ ერთხელ გიწვევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ. არა იმ ფარსში რომელიც შემოგვთავაზეთ, არამედ ერთი-ერთში დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს", - განაცხადა შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ თავის მართლებას დებატებში მონაწილეობა ჯობდა.

"მოსულიყავით გუშინ, რა თავის სამართლებლად გაიხადეთ საქმე, ამდენი დრო დახარჯეთ", - უპასუხა პაპუაშვილმა.

დღის ამბები