პარლამენტში სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ფასების რეგულირებაზე იმუშავებს. დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭს უყრიან.
პრემიერის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. თავდაპირველად, აქცენტი იყო სურსათის ფასებზე, თუმცა შემდეგ მანდატი გაფართოვდა და შესწავლის საგანი გახდა მედიკამენტებისა და საწვავის ბაზარიც. ახლა კი პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მუშაობს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
"უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის იმის სივრცე, რომ ფასების საგრძნობი დაწევა მოხდეს. ამ პროცესს მივყვებით ბოლომდე. უკვე იხსნება საგაზაფხულო სესია. საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. განხილვა იქნება საჯარო ჩვენი საზოგადოებისთვის.
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ყოველთვის მუშაობს მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.