09 აგვისტო 2026,   21:07
ვრცლად
რაგბის 18 სტადიონი - ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობა იწყება

მოედანი, სადაც რაგბის კლუბ „რაშების“ სპორტსმენები ვარჯიშობენ, იმ პროექტების ჩამონათვალშია, რომელთა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ზღვის უბანში მდებარე სტადიონი მალე სრულად განახლდება. დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, აშენდება ადმინისტრაციული სივრცე, სასადილო, სამზარეულო, სავარჯიშო დარბაზი და სრულად განახლდება სველი წერტილები.

თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაგეგმილი სამუშაოები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. უკვე შერჩეულია ტერიტორიები და მომზადებულია 14 პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის ტენდერები გამოცხადებულია. გამარჯვებულმა კომპანიებმა სტადიონები სრულად უნდა განაახლონ და საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვონ.

ყველა პროექტი სპეციალისტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა. 14 პროექტიდან მოეწყობა 2 ბუნებრივ საფარიანი, ხოლო 12 ხელოვნურ საფარიანი სარაგბო მოედანი. ვარკეთილში აშენდება ახალი, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც საერთაშორისო მატჩების მასპინძლობისთვის იქნება განკუთვნილი.

ახალი ეტაპი ქართული რაგბის ისტორიაში - საქართველოში ერთდროულად 10-ზე მეტი სარაგბო სტადიონის მოწყობის სამუშაოები აქამდე არ განხორციელებულა. თბილისი, კახეთი, აჭარა, იმერეთი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ რეგიონების, სადაც თანამედროვე სტადიონები ათასობით ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

პროექტები ამით არ სრულდება. წელს ტენდერი კიდევ ოთხი სტადიონის მოსაწყობად გამოცხადდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისში მდებარე „აია არენას“. აშენდება ავჭალის, ვარკეთილისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანის სარაგბო სტადიონები.

რაგბის სტადიონების მოსაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. გეგმის მიხედვით, პროექტების ნაწილი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

დღის ამბები