08 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - დისკუსია ფასების შემცირებაზე მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო კომისიამ, სამუშაოს დასრულების ვადა განსაზღვრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ის შეხვედრები რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, სხვადასხვა სექტორის მონაწილეებთან პროდუქტიული იყო. კომპანიების მხრიდან ფასების შემცირების მზაობა არსებობს. ახლა საჭიროა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის მიხედვით, დაცული იქნება როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე მომხმარებელთა საჭიროებები.

სამთავრობო კომისიის მსგავსად, საპარლამენტო კომისია პროდუქტების ფასებთან ერთად, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დარეგულირების საკითხსაც შეისწავლის. საჭიროების შემთხვევაში დეპუტატები, ახალი საკანონმდებლო ბაზის დამტკიცებასაც არ გამორიცხავენ.

სამომხმარებლო ფასების კორექტირებაზე აქტიური მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა საკუთარ მიმართვაში, ქართული და ევროპული ფასები შეადარა და განაცხადა, რომ მაღალი ფასნამატის გამო საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულება ევროპულს ორჯერ და სამჯერ აღემატება. პრემიერის ინიციატივით შექმნილ საკოორდინაციო კომისიას თავდაპირველად მხოლოდ სასურსათო პროდუქციის ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა შემდეგ კომისიის მანდატი გაფართოვდა და შესწავლის საგანი მედიკამენტებისა და საწვავის ბაზარიც გახდა. საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

რატომ არის საქართველოში ქსელური მარკეტების დახლებზე სხვადასხვა პროდუქტი იმაზე გაცილებით ძვირი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და რა რესურსი არსებობს ფასების შესამცირებლად? - მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ უწყებების კოორდინირებული მუშაობით, არსებული პრობლემა გადაიჭრება და სამომხმარებლო პროდუქციის ფასები დარეგულირდება.

პროდუქციაზე ფასწარმოქმნის პროცეს იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. სუს-მა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტებისგან და სადისტრიბუციო კომპანიებისგან დოკუმენტაცია ამოიღო. საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანი შესაძლო კარტელური გარიგებებია.

დღის ამბები