ეროვნული პრემია - უმაღლესი ჯილდო მეცნიერებაში დღეს, იმ ადამიანებს მიენიჭათ, რომლებმაც თავიანთი ცოდნითა და შრომით ქართული და მსოფლიო სამეცნიერო საქმიანობა გაამდიდრეს. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს ჯილდო პირადად გადასცა. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეცნიერების როლი ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ობიექტურ და დასაბუთებულ ცოდნას. ამ პროცესში კი, სახელმწიფოს ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
ეროვნული პრემია ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და პროფესორებისგან დაკომპლექტებული გუნდის გადაწყვეტილებით მიენიჭათ - ლევან ჯაფარიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის და ავტორთა ჯგუფს - სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის "კავკასიის ისტორია".
პრეზიდენტმა გამარჯვებულებს დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი პრიზები გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას განათლების მინისტრი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 2025 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი