საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკსა და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და უნაღდო ანგარიშსწორების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი პროექტ "უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის განვითარება საქართველოში" განხილვა და მისი შედეგების შეჯამება იყო. აღნიშნულ პროექტზე გასულ წელს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთახმება გაფორმდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი და კორეის საფინანსო სექტორი ინტენსიურად თანამშრომლობენ.
"ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფანში ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენსა და კორეის საფინანსო სექტორთან და რეგულატორთან თანამშრომლობა. გვქონდა შესაძლებლობა შეგვეჯამებინა როგორც ეს პროექტი და მისი წარმატება, ასევე შემდგომი თანამშრომლობა, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ შემდგომ თანამშრომლობაში ჩავრთოთ სხვა ქვეყნებიც, ვისთანაც გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, მაგალითად ყაზახეთი, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ცეტრალურ ბანკებთან გვაქვს ძალიან კარგი კოლაბორაცია და ვფიქრობთ, კორეასთან ერთად კიდევ ერთხელ გავაძლიერებთ შუა დერეფანში თანამშრომლობას", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.