08 ივნისი 2026,   12:24
ვრცლად
სასტიკი დანაშაული, რომელიც წლებია აქტუალობას არ კარგავს - სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა

28 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში წამებით მოკლეს. სასტიკი დანაშაული პოლიტიკურ კონტექსტთან ერთად წლებია აქტუალობას არ კარგავს. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უმძიმესი მოვლენა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც უჩვეულო ენით ჩაიწერა, დღემდე სათანადოდ არ არის შეფასებული.

ეს იმ მოკლული ახალგაზრდების არასრული სიაა, რომელზეც პასუხისმგებლობა, ბუტა რობაქიძის დედის თქმით, დამნაშავეებს სათანადოდ არ დაკისრებით. ია მეტრეველი იხსენებს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალა წლების წინ ირინა ენუქიძემ მისცა - სანდრო გირგვლიანის დედამ. დედამ, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი სწორედ ენუქიძისა და გირგვლიანის სახელით შევიდა. მაშინდელი სახალხო დამცველი იხსენებს, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლების ყველა შტო ერთდროულად ცდილობდა სასტიკი მკვლელობის დაფარვას. ფორმალურად დაისაჯნენ არა შემკვეთები, არამედ შემსრულებლები. საქმის ფიგურანტი მაღალჩინოსნების ნაცვლად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. პრივილეგირებულ პირობებში ყოფნის შემდეგ კი, ისინი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ვადამდე ადრე გაათავისუფლა.

ტრაგედია, რომელმაც აჩვენა, ვისთვის რა არის ღირებულება - ასე აფასებენ 20 წლის წინ ჩადენილ მძიმე დანაშაულს დღეს სახელისუფლებო გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გირგვლიანის საქმე ლაკმუსის ქაღალდია არა მხოლოდ სააკაშვილის მმართველობისთვის, არამედ მისი საერთაშორისო მხარდამჭერებისთვისაც.

გამოძიებითა და არაერთი მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ ყველაფერი 27 იანვარს შარდენზე დაიწყო, სადაც სანდრო გირგვლიანმა მეგობარს მიაკითხა. ის ბარში ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან და შსს-ის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, დათა ახალაიასთან ერთად იმყოფებოდა. გირგვლიანის ნაწამები ცხედარი ოქროყანაში უკვე მეორე დღეს, 28 იანვარს იპოვეს.

დღის ამბები