სამთავრობო კომისია ფასნამატების რეგულირების მიზნით მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები უკვე შეხვდნენ ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე მწარმოებლებს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, შეხვედრები გაიმართება ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამჟამინდელი მიდგომით, პროდუქტზე ფასების კლების კუთხით არსებული პრობლემა, მთლიანობაში ვერ მოგვარდება.
"თუ გადასახადები არ შემცირდა, დღგ-ს არ დაუკლებენ და არცერთ გადასახადს არ დაუკლებენ, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც "ოცნების" წევრები არიან, ისევ იქნებიან კომპანიის მმართველები და ისევ პრივილეგიებით ისარგებლებენ, შეიძლება პიარულად ისე მოხდეს, რომ ერთ მომენტში დაუკლონ ფასებს პროდუქტზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანობაში ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ გვინდა და ვითხოვდით სისტემურ ცვლილებას, რაც იქნებოდა საზოგადოებისთვის იმის გარანტი, რომ ფასები რეალურად დაიკლებდა და განგრძობადი ხასიათი ექნებოდა ამ ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.