კოლორადო, ილინოისი, ინდიანა, მისური, ნიუ-ჯერსი, ნიუ იორკი და პენსილვანია. ამერიკის სამხრეთით მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა. "არქტიკული აფეთქების" სახელწოდებით ცნობილმა ქარიშხალმა ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და დასახლებაში დაზიანებულია ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც მილიონობით მოქალაქეს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მძიმე ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა 24 შტატში.
ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკშია. ქუჩებში ყინვის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ქალაქში არ ფუნქციონირებს ტრანსპორტი, მუშაობა შეაჩერა ყველა აეროპორტმა. სოციალური სამსახურები ე.წ. ლურჯი კოდის რეჟიმში მუშაობენ — რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიცია ვალდებულია ქუჩაში მყოფი ნებისმიერი პირი მისივე უსაფრთხოებისთვის თავშესაფარში გადაიყვანოს.
სინოპტიკოსების შეფასებით, უამინდობის შედეგებს შტატების მოსახლეობის ნახევარი, 180 მილიონი ადამიანი იგრძნობს. რეკორდული ყინვის და გადაუღებელი თოვის გამო, სასწავლო პროცესი შეაჩერა საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილმა, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებებიც. ქვეყნის არაერთ ქალაქში, სუპერმარკეტებში საკვები პროდუქტის მარაგები ამოიწურა.
"არქტიკული ქარიშხლის" გამო, შტატების მასშტაბით უკვე გადაიდო 14 ათასი ავიარეისი. მედიის შეფასებით, ავიამიმოსვლის ამგვარი მასშტაბური შეფერხება COVID 19-ის პანდემიის შემდეგ უპრეცედენტოა.
"არქტიკული ციკლონის" გამო, რთული ვითარებაა საქალაქთაშორისო გზებზეც, ამერიკის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატების დამაკავშირებელ ზოგიერთ მაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ სპეციალური ტექნიკისთვისაა დასაშვები.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებში უამინდობა მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება, რის შემდეგაც, სპეციალისტები ძლიერ ყინვების, წვიმების და ძლიერი ქარის რეკორდულად ხანგრძლივ პერიოდს პროგნოზირებენ.