საქართველოზე თავდასხმის პოლიტიკური სცენარი თბილისისთვის არც ამჯერად იცვლება. საუბარია ჰელსინკის კომისიაში ჩანიშნულ მოსმენაზე, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კონგრესმენი ჯო უილსონი და ლორა თორნტონი ისაუბრებენ. კარგად ცნობილი ადამიანები, ვისაც უკვე წლებია, საქართველოზე პოლიტიკური იერიშები ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად მიაქვთ... მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ კომისია და მისი მომხსენებლები რეალური მიზნების დამალვას ვერც ამჯერად შეძლებენ და არც საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის დარღვევას მოერიდებიან.
ჰელსინკის კომისიაში სხდომა ზუსტად 2 დღეში გაიმართება. მასპინძლის რანგში, კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონი, მომხსენებელი კი ლორა თორნტონი იქნება - პირველი "მეგობარი აქტის" სახელით ცნობილი დოკუმენტისა და საქართველოს ხელისუფლებაზე, ღია პოლიტიკური თავდასხმების ავტორია, მეორე კი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, რომელიც ოპოზიციისა და აქტივისტების აქტიური მხარდამჭერია, მათ შორის ამავე მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი - სალომე ზურაბიშვილის. თორნტონი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა NDI-ს ჯგუფს საქართველოშიც - ორგანიზაციას, რომლის საქმიანობაც, ტრამპის ადმინისტრაციამ მტრულად მიიჩნია და დაფინანსებაც შეუწყვიტა. თუმცა, ამის მიუხედავად, კონკრეტულ გამომსვლელებში პრობლემას ვერ ხედავს ქართული ოპოზიცია, სადაც უილსონისა და თორნტონის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშაც არ აყენებენ.
საპირისპირო მოლოდინი აქვს სახელისუფლებო გუნდს. უმრავლესობაში უილსონისა და თორნტონის პოლიტიკური იერიშები და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მმართველი გუნდის პოლიტიკურ მეხსიერებაში დარჩა ლორა თორნტონის კამპანიაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი შტატების 47-ე პრეზიდენტს "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებდა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჰელსინკის კომისიაში ჩანიშნული მოხსენების მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შეშლაა. ამ თემაზე, ირაკლი კობახიძეს შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
დისკუსია ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარსაა ჩანიშნული.