ფასნამატების რეგულირების მიზნით, სამთავრობო კომისა მუშაობას განაგრძობს. თავისუფალი ბიზნესი, რომელსაც ფასების დადგენის დროს მეტი სოციალური პასუხისმგებლობის განცდა ექნება - მთავრობის მეთაურმა საკუთარი ხედვა დღეს ადგილობრივ მწარმოებლებს გააცნო. ირაკლი კობახიძემ, სამთავრობო კომისიის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესმენებს განუმარტა, რომ ქვეყანაში ფასების დასტაბილურებისა და შემცირების შესაძლებლობა არსებობს. პრემიერის აზრით, ფასწარმოქმნის ობიექტური შესწავლა და, სავარაუდო კარტელების არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება, მოქალაქეებს ცხოვრებას გაუიაფებს.
მარკეტების დახლებზე პროდუქციის ფასი რომ კოლოსალურად იზრდება, ამას არც ადგილობრივი მწარმოებლები უარყოფენ. ბიზნესმენების თქმით, ფასნამატის დასტაბილურება ქსელური მარკეტების მხრიდან მიდგომების შეცვლასთან არის დაკავშირებული. ქართული პროდუქციის მწარმოებლები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მარკეტების მხრიდან დაწესებული განთავსების საფასურის, ე.წ. ქეშბექების გაორმაგებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამ მიდგომის კანონით დარეგულირება ბაზარს ქართული პროდუქციით გაამდიდრებს, რაც ფასებზეც პოზიტიურად აისახება.
ადგილობრივი წარმოების სტიმულირებასა და ბაზრის ქართული პროდუქციით დატვირთვაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. საკოორდინაციო კომისიის წევრი მინისტრების აზრით, პრემიერის ინიციატივით დაწყებულ პროცესს პოზიტიური დინამიკა აქვს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ, ფასების სტაბილურობისთვის, სამომავლოდ, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
სამომხმარებლო პროდუქციის, საწვავისა და მედიკამენტების ფასების ობიექტური მდგენელის შესწავლას საგაზაფხულო სესიიდან გეგმავს საქართველოს პარლამენტიც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საბაჟოდან მარკეტების დახლებამდე პროდუქციის ფასის საშუალოდ 90-პროცენტიანი ზრდა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პოლიტიკოსები, მოქალაქეებისთვის ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად, საჭიროების შემთხვევაში, არც საკანონმდებლო ცვლილებებს გამორიცხავენ.
ფასნამატების დასტაბილურებისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის გათანაბრების მიზნით ბაზრის შესწავლის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. საკოორდინაციო კომისიისა და კონკურენციის სააგენტოს პარალელურად, ქსელური მარკეტების ფინანსურ ანგარიშებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც სწავლობს. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სუს-ი, მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს.