28 იანვარს ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს. ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კომისია მსურველებს იწვევს. საქართველოს შესახებ ისაუბრებს ჯო უილსონი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი თანამომხსენებელი ლორა თორნტონი იქნება, საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2025 წლიდან ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს. ამჟამად, თორნტონი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორია, ის ღიად უჭერს მხარს ქართულ ოპოზიციას, მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც შარშან ამავე ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა.
დაგეგმილ დისკუსიასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი მიზანი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაა.
"ლორა თორნტონი და ჯო უილსონი გამორჩეულები არიან საქართველოს სიძულვილით, მათ ეს არაერთხელ დააფიქსირეს საკუთარ საქმიანობაში. მეტსაც გეტყვით, ქალბატონი ლორა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტთანაც გამოირჩევა გამონათქვამებით და ისეთი ფრაზებით, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელია დონალდ ტრამპის. ეს საზოგადოებამ იხილა და მოისმინა.
დღეს რჩება შთაბეჭდილება, რომ მაშინ, როდესაც ირჩევენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად ამ ორ ადამიანს, განსაკუთრებით ქალბატონ ლორას, თითქოს გარკვეული ძალები ძალიან უფრთხილდებიან იმას, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. გასაგებია, რომ ამ ყველაფერში არაფორმალურ გავლენებს აქვთ შესაბამისი სურვილები და მიზნები. ჩვენ აქამდეც მოგვისმენია არაერთი ცრუ ბრალდება ამ კომისიისგან. კიდევ ერთხელ ზეწოლა და ძალმომრეობა ქართველ ხალხზე დასრულდება იგივე ფიასკოთი, როგორც ეს დასრულებულა აქამდეც", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.