ფასების რეგულირება პროდუქტებზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში მწარმოებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით უკვე მეოთხე სხდომას მართავს, მანამდე შეხვედრები გაიმართა ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
საკოორდინაციო კომისიას, თავდაპირველად, სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს. მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სოციალური წნეხის შემსუბუქებაა. სახელდება ვადებიც, დაახლოებით სამ თვეში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უნდა შემცირდეს.
კომპანია "ფრიქსის" წარმომადგენელი, ირაკლი ქურდაძე ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ქსელური მარკეტების მარჟებსა და ქეშბექებს ასახელებს.
"საცალო ფასების ასეთი ზრდა განპირობებულია კომერციული პირობების ზრდით, რაც გამოწვეულია ქსელების მხრიდან მოთხოვნილი, გაზრდილი კომერციული პირობების გამო. დღეს სად არსებობს რესურსი ფასების კლების - შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს გადახედვა ქსელების მარჟების და მათი მომგებიანობის, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მწარმოებლებმა მაქსიმალური ოპტიმიზაცია უკვე გავაკეთეთ, როგორც დისტრიბუტორებმა და ამიტომ, ამჯერად საცალო ქსელის ჯერია, რომ გადახედონ მათ საოპერაციო მოგებას და საოპერაციო ხარჯებს, რაც გამოიწვევს ფასების კლებას. მათი ქეშბექები 20%-დან გაზრდილია 45%-მდე, შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე", - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.
"ემსიბი ჯორჯიას" წარმომადგენელი ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს, რომ ფასების ზრდა ქსელური მარკეტების მხრიდან არა მაღალი მარჟის, არამედ სხვა მაღალი პირობების შედეგია, მათ შორის, მაღალი ქეშბექის.
"მე პირადად, დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან პრემიერის ინტერვიუ ინტერვიუდ არ დარჩა და ამას მოჰყვა ძალიან სერიოზული განხილვები, - დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. [ფასების ზრდის მიზეზია] ქსელური მარკეტების მაღალი ქეშბექი, - მათ აქვთ მაღალი სხვა პირობები და არა მარჟა," - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.