18 ივნისი 2026,   23:50
ვრცლად
საკულტო პერსონაჟები, ლეგენდარული მსახიობები და დიდი დაბრუნება ეკრანზე - 2026 ყველაზე გახმაურებული კინოპრემიერების წელია

ბავშვობიდან მუსიკალურ ტრიუმფამდე - მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი ეკრანზე 24 აპრილს გამოვა. ჯონ ლოგანის სცენარი ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების საკვანძო ეპიზოდებს ეხება. მაყურებელი საინტერესო და გულწრფელ პორტრეტს იხილავს - ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც მსოფლიოს პოპის მეფე გახდა. ჯექსონის როლს მომღერლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. ფილმის პროდიუსერი გრეჰემ კინგია. მის ანგარიშზე ოსკარის მფლობელი ფილმი " ბოჰემური რაფსოდიაა".

საუკუნოვანი რომანი, რომელიც 150 წელზე მეტია აქტუალობას არ კარგავს. "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ეკრანებზე არაერთხელ გაცოცხლდა.
მსოფლიო ლიტერატურიდან ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას ამჯერად, ვარსკვლავური დუეტი - მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი გააცოცხლებენ. ახალ ეკრანიზაციას მაყურებელი 9 სექტემბერს იხილავს.

20 წლის შემდეგ მირანდა პრისლი დიდ ეკრანზე ბრუნდება. "ეშმაკი ატარებს პრადას" - სწორედ იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. მეორე ნაწილის პრემიერა 2026 წლის მაისშია დაგეგმილი. სიუჟეტის ცენტრალური ფიგურა კვლავ მირანდა პრისლია, რომელიც ტრადიციული მედიის ციფრულით ჩანაცვლების ეპოქაში კარიერული წარმატების მიღწევას ცდილობს.

უცნაური, კომიკური და მიზანდასახული პერსონაჟი ამტკიცებს, რომ კაცობრიობის მხსნელია. მისი მოულოდნელი ქმედებები კი მხოლოდ ქაოსს იწვევს. "დიგერი" ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმია, სადაც მთავარ როლს ტომ კრუზი თამაშობს. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის 2 ოქტომბერს გამოვა.

კრისტოფერ ბორგლიმ ზენდეიასა და რობერტ პატინსონის მონაწილეობით, დრამატული ელემენტებით დატვირთული რომანტიკული კომედია გადაიღო.
სიუჟეტი მოგვითხრობს წყვილზე, რომლის იდეალური ურთიერთობა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი მოულოდნელი საიდუმლოს გამო რადიკალურად იცვლება.

კრისტოფერ ნოლანის ახალი, მასშტაბური პროექტი ჰომეროსის უკვდავი ეპოსის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. რეჟისორმა მითოლოგია უნიკალური ხედვითა და ვარსკვლავური ქასთით გააცოცხლა.

პიტერ პარკერი დაბრუნდა. ადამიანი ობობას ახალი თავგადასავალი ძველ მეგობრებთან და განსხვავებულ საფრთხეებთან ერთად იწყება. ამ ისტორიაში ტომ ჰოლანდის პერსონაჟს გმირობასა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

რობერტ დაუნი უმცროსი დაბრუნდა - Marvel-ის სამყაროს ყველაზე მასშტაბური მოვლენა ძმებმა რუსოებმა გადაიღეს. პრემიერის თარიღი 2026 წლის 18 დეკემბერია.

30-იანი წლების ჩიკაგო, მონსტრი და მკვდრეთით აღმდგარი ქალი ერთმანეთს ხვდებიან, რის შემდეგაც მსოფლიოში ყველაზე პანკური სიყვარულის ისტორიას ქმნიან.
მეგი ჯილენჰოლი მაყურებელს ფრანკენშტეინის პატარძლის ისტორიას პანკურ სტილში სთავაზობს. მთავარ როლებში კრისტიან ბეილი და ჯესი ბაკლი არიან. მაყურებელი კლასიკური მითის განსხვავებულ ეკრანიზაციას 6 მარტიდან იხილავს.

ახალი ინტერპრეტაციები, საკულტო პერსონაჟები, ლეგენდარული მსახიობები და დიდი დაბრუნება ეკრანზე - 2026 ყველაზე გახმაურებული კინო-პრემიერების წელია.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები