მმართველ გუნდში ფასების კორექტირების აუცილებლობაზე საუბრობენ და კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ. "ქართული ოცნების" დეპუტატების ვარაუდით, დაახლოებით სამ თვეში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდება. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ პროდუქტის ღირებულების რეგულირებისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისთვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
საქართველოში რომ სამომხმარებლო ფასები, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მაღალია - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა. საუბარია იმ ფასნამატზე, რომელიც წარმოიქმნება პროდუქტის საზღვრის კვეთიდან მარკეტის დახლამდე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველადი მოკვლევით, ეს ფასნამატი საქართველოში 86 პროცენტს აღწევს, რაც ორჯერ და სამჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ამ 86 პროცენტში კი, დისტრიბუციის წილი 44 პროცენტია. საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა სწორედ დისტრიბუტორებთან გაიმართა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ფასების დარეგულირება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები საერთაშორისო რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა.
საკოორდინაციო კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, თავდაპირველად სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა საკვლევი სფერო გაფართოვდა და, პროდუქტებთან ერთად, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. სურსათზე ფასთა წარმოქმნის პროცესის შესასწავლად შევიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტაცია ამოიღო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც. ფასნამატის საკითხზე იმუშავებს საპარლამენტო კომისია, რომელიც საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შეიქმნება.
პრობლემის გადასაჭრელად, კომპლექსურ მიდგომაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში, სადაც განმარტავენ, რომ საპარლამენტო კომისია სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს, ყველა უწყება კი კანონიერ ბერკეტებს მაქსიმალურად გამოიყენებს ვითარების შესაცვლელად. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ არსებული გამოწვევები ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესებს შორის ბალანსით უნდა დარეგულირდეს.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია აქტიურ რეჟიმში მუშაობას მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან გაიმართება.