სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპების მხარდაჭერა და ახალი მექანიზმი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება - "სტარტაპ ბოტ ქემფმა" ადგილობრივი სტარტაპერებისთვის საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპი დააანონსა. პროგრამა ინოვაციურ მეწარმეებს ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
ორთვიან სასწავლო პროგრამას 40 ქართული სტარტაპი გაივლის. დამწყებ ბიზნესს მიზნების მიღწევაში განვითარების ის პროგრამები დაეხმარება, რომლებმაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს.
ადგილობრივი სტარტაპების ხელშემწყობ პროგრამებს საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტი განვითარების რამდენიმე ეტაპს მოიცავდა და ამ დროისთვის უკვე მნიშვნელოვან შედეგებს აჩვენებს.
ადგილობრივი სტარტაპების თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, საერთო ჯამში, უკვე 46 მილიონი ლარია გამოყოფილი. დასაქმებულია 4 000-მდე ადამიანი და დაფინანსებულია დაახლოებით 300 სტარტაპი.